დავით ბაქრაძე

გაბაშვილი: ხელისუფლებამ ბაქრაძის ბანკთან მიმოწერა ფოსტიდან ამოიღო და გახსნა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ხელისუფლებამ იმდენად იჩქარა, იმდენად უხეშად მოქმედებს სუს-ი ოპოზიციის დევნაში, რომ ვერც კი მიხვდნენ, როგორც წარმოაჩინეს მთელი თავისი მეთოდები". გაბაშვილი დავით ბაქრაძის უცხოურ ანგარიშზე არსებული თანხის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ "კერძო კლიენტის ბანკთან მიმოწერა ფოსტიდან ამოიღო, გახსნა და ხელქვეითებს მიაწოდა". ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე დაფიქსირებული თანხის წარმომავლობას სწავლობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანას და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

გოკა გაბაშვილის თქმით, ეს არის ფული, რომელიც გადაიხადა შვეიცარიის მთავრობამ.

"შვეიცარიის ახალი საელჩოს შენობა იყიდეს ბაქრაძის ოჯახისგან და ეს არის ნოტარიულად დამტკიცებილი. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს არის უძრავი ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხა", - აღნიშნავს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით ბაქრაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ HSBC ბანკის ანგარიშზე მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ თანხას ინახავდა.

ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც გამოეხმაურა. მათი განმარტებით, შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში ორი სახის კანონდარღვევა გამოიკვეთოს. პირველი ის, რომ პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი). სწორედ ამიტომ, TI-ს შეფასებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, მათ შორის, ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებსა ან/და შენატანებზე. დავით ბაქრაძის მიერ 2014 წლის 3 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში ინფორმაცია ზემოხსენებული საბანკო ანგარიშის შესახებ არ არის მითითებული.

კომენტარები