დავით ბაქრაძე

ბაქრაძე: გამოსავალი არის მხოლოდ ერთი- ქართული ოცნების მშვიდობიანად სახლში გაშვება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მამუკა ბახტაძის გადადგომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამოსავალი არა შიდა ცვლილებები, არამედ ქართული ოცნების მშვიდობიანად სახლში გაშვებაა. 

"გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, "გავრილოვის ღამე" - ეს არის მოკლე ჩამონათვალი, თუ რითი დაამახსოვრა თავი ამ ერთი წლის განმავლობაში ბახტაძის მთავრობამ ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ, ნებისმიერი ამიტომ ნებისმიერი საუბარი მისი მხრიდან რაღაც ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მსგავსი მაღალფარდოვანი ფრაზები, უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მთავრობა მთლიანად მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი აღარ ესმით, რა სჭირდება ქვეყანას, ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები „ქართული ოცნების“ გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა",-თქვა დავით ბაქრაძემ.   

მამუკა ბახტაძემ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ვინ შეცვლის მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის პოსტზე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასახელდება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმის პოსტზე გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის კანდიდატურები განიხილება. ასევე, მედიის ცნობით, შს მინისტრის პოზიციაზე გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. 

კომენტარები