დავით ბაქრაძე

"სამწუხაროა, რომ კომპეტენციაზე მითითებები დაგვჭირდა" – მდინარაძე ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქარაძის დანიშვნას ეხმაურება. მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მხრიდან კომპეტენციაზე მითითებები დასჭირდა. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა, ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით. მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი - კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ყველა კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ. ეს ყველაფერი არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას. ასეც მოიქცა". - ამბობს ის. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ამჯერად ხელი მოაწერა. მანამდე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა.   

"5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან".- თქვა ზურაბიშვილმა. 

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში 25 ივნისს მიიღო.   

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას ედავება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და საკონსტიტუციო სარჩელი ამ პირებს შეეხება. ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კომენტარები