პრეზიდენტის უფლებამოსილება

კვერენჩხილაძე თადუმაძეს: უმაღლესი მთავარსარდლობა არანაირად არ არის სიმბოლური

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, "პრეზიდენტს კონსტიტუციაში მთელი რიგი უფლებამოსილებები აქვს გაწერილი, რომელსაც იგი საომარი მდგომარეობის დროს იყენებს". კვერენჩხილაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მთავარსარდლობა სიმბოლური ხასიათის წოდებაა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები საომარი მოქმედებების დროს სიმბოლური ვერანაირად ვერ იქნება და ერთი სიტყვითაც ვერ შემოიფარგლება. მისი თქმით, საომარი მდგომარეობის დროს, ფაქტობრივად, პრეზიდენტი ერთპიროვნული მმართველია.

"ეს არის თავად საომარი მოქმედების გამოცხადება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში. საომარი მოქმედების დროს პრეზიდენტი გამოსცემს კანონის ძალით მოქმედ დეკრეტებს. საომარი მოქმედების დროს პრეზიდენტს შეუძლია შეზღუდოს ადამიანის ცხრა ძირითადი უფლება და თავისუფლება. პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს. ბრძანებები თავისუფალია კონტრასიგნაციისა და პარლამენტის მიერ დამტკიცებისგან. პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისა და გადაადგილების თაობაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების უცხო ქვეყანაში გაგზავნის თაობაზე. ეს მთელი რიგი ფუნქციები სწორედ კონსტიტუციაშია გაწერილი და კონსტიტუციით არის გარანტირებული. შესაბამისად, სიმბოლიზმთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. პირიქით, საკმაოდ მკაფიოდ გარანტირებულ კონსტიტუციურ მოქმედებებთან და კონსტიტუციურ დებულებებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ბევრი მეთოდი არსებობს და რა მეთოდიც არ უნდა მოვიხმოთ, ვერცერთი მეთოდის გამოყენებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის დროს მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება და ეს არის სიმბოლური", - უთხრა კვერენჩხილაძემ ინტერპრესნიუსს და განმარტა, რომ მთავარსარდლობა სახელმწიფოს მეთაურის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებივი ფუნქციაა, რომელიც კონსტიტუციაში ქვეყნის პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსით არის გამყარებული.

"მთავარსარდლობა არანაირად არ არის სიმბოლური, რადგან თავად კონსტიტუციითვე სახელმწიფოს მეთაურს აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებები გაწერილი, რომლებსაც საომარი თუ საგანგებო მდგომარეობის დროს კონკრეტული სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებს კონსტიტუცია ითვალისწინებს. მაგალითად, კონსტიტუციის 46-ე მუხლში წერია, რომ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ადამიანის ცხრა უფლება შეზღუდოს. მაგალითისთვის, ადამიანის თავისუფლების, გაფიცვის, შრომის თავისუფლება, შეკრების ან მანიფესტაციის, ინფორმაციის თავისუფლება, თავისუფალი მიმოსვლის, საკუთრების უფლება და ა.შ. პრეზიდენტი კანონის ძალის მქონე დეკრეტებსაც გამოსცემს და კონსტიტუციაში არანაირად არ არის შეზღუდვა რა საკითხებზე გამოიცემა კანონის ძალის მქონე დეკრეტები. საომარი მდგომარეობის დროს, ფაქტობრივად, პრეზიდენტი არის ერთპიროვნული მმართველი. მის ხელში ხდება თავმოყრა ამ სიტუაციის მართვისა", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და შალვა თადუმაძის მიერ დასახელებულ უცხოურ ანალოგებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ისრაელი თადუმაძემ უადგილოდ დაასახელა, რადგან საქართველოს მმართველობითი მოდელური ბუნება აბსოლუტურად განსხვავდება ამ ქვეყნებისგან.

"საქართველო განსხვავდება კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან იმით, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებებისა, ვიდრე იმ ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც იყო მოხმობილი. შესაბამისად, ეს ანალოგიაც არ იქნება სწორი. კონსტიტუციის ინტერპრეტაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჯერ ერთი, კომპარატივისტიკის გამოყენებისას შესადარი ობიექტების სწორად შერჩევა უნდა მოხდეს და პირველ რიგში თავად ჩვენს მოქმედ კონსტიტუციაში კარგად უნდა ჩავიხედოთ და ამოვიკითხავთ იმ კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, რაც საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტს გააჩნია", - თქვა კვერენჩხილაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, "დღის წესრიგში, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქციების გადახედვა არ დამდგარა იქიდან გამომდინარე, რომ წოდება "მთავარსარდალი" სიმბოლური ხასიათისაა". როგორც თადუმაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ქრონიკასთან საუბარში თქვა, "ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი ან მონარქი არის უმაღლესი მთავარსარდალი იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ომის შემთხვევაში ის გასცემს ერთადერთ ბრძანებას - ესაა ბრძანება შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთსიტყვიანია: "იმოქმედეთ".

კომენტარები