საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი თარგამაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და უკრაინიდან ლტოლვილების საქართველოში ჩამოყვანას სთხოვს. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა, ახლა კი, მას სჭირდება დახმარება.
"ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული ჩემი ორი პირადი მეგობარი; მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ანგარიშსწორებით; მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას მე მაქვს სრული საფუძველი და უტყუარი ინფორმაციაც საიმისოდ, რომ თავს დაგესხათ და პასუხი მოგთხოვოთ, არათუ ამას არ ვაკეთებ, მეტიც, როგორც საქართველოს უბრალო მოქალაქე, უმორჩილესად გთხოვთ: დღეს ფერიცვალებაა, დილის 06 საათი და ათი წუთი. ერთი წამიც არ მიძინია უკრაინა-რუსეთის ომის შუაგულში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის, თუნდაც, მხოლოდ ბავშვების გადარჩენის ვარიანტებზე ფიქრში. თქვენ, თავად მამა, ხედავთ, რომ მათ უმოწყალოდ ხოცავენ პირდაპირი დამიზნებით ნაღმმტყორცნებითა და ზალპური საარტილერიო დანადგარებით. ნუთუ, საქართველოს სახელმწიფო თქვენი სახით ახლავე არ გააკეთებს განცხადებას და არ გამოიჩენს ინიციატივას, რამდენსაც საქართველოს ინფრასტრუქტურა დაიტევს, იმდენი დევნილი დაუყოვნებლივ გადმოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში? ომმა დონეცკისა და ლუგანსკის ცენტრებში გადაინაცვლა. ეს უზარმაზარი ქალაქები, ოლქებია. ხალხი სპონტანურად გარბის და ნებისმიერი მიმართულების ბილეთებს ყიდულობს. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩვენი დაპატიმრებული მეგობრების სახელით გთხოვთ, ნუ აჭმევთ სირცხვილს ქვეყანას, რომლის მეთაურიც ბრძანდებით. უკრაინა ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ყოველთვის იდგება. ახლა მას სჭირდება დახმარება და ზურგს ნუ შევაქცევთ. ეს პირადად თქვენი პასუხისმგებლობაა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, როგორც ადამიანს, ხელმძღვანელს, მამას! მიკიბ-მოკიბვის გარეშე, საქართველოს სახელით, გახსენით სიცოცხლის დერეფანი უკრაინელი ბავშვებისთვის! გააკეთეთ ეს და შემდეგ ნებისმიერი ბრალდებით დამაპატიმრეთ. მივიღებ ამას უდრტვინველად და ხმას არ გავიღებ პოლიტიკურ დევნაზე", - აცხადებს თარგამაძე.
შგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ხელისუფლებას 10 აგვისტოსაც მიმართა და უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა სთხოვა. აღნიშნულ ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თქვა, რომ "ამაში გულწრფელობა კი არ არის, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათის კონტექსტია".
უკრაინის ლუგანსკის ოლქში ლტოლვილთა კოლონას გუშინ ცეცხლი გაუხსნეს, თითქმის ყველა, ვინც კოლონაში მოძრაობდა, დაიღუპა. ცნობას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელ ლეონიდ მატუხინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ინციდენტი კრასნოდონის რაიონის სოფელ ხრიაშჩევატოესთან მოხდა. ბევრი ადამიანი მანქანებში ცოცხლად დაიწვა.





