მიხეილ სააკაშვილის საქმე

ზაქარეიშვილი სააკაშვილის საქმეზე: როგორც ჩანს, ბევრი ასეთი ფაქტი იყო საიდუმლო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც ჩანს, ბევრი ასეთი ფაქტი იყო საიდუმლოთი გადაფარული". როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, "ბუნებრივია, აქამდე, პირდაპირ კითხვის დასმის საშუალება არ გვქონდა".

ზაქარეიშვილის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურას გააჩნია საკმაოდ მტკიცე და მკაფიო მტკიცებულებები. მე ვენდობი პროკურატურას. ჩემი, როგორც მოქალაქის ეჭვები, რომ არსებობდა რაღაც კანონდარღვევები, მყარდება".

პროკურატურამ გუშინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები