მიხეილ სააკაშვილის საქმე

პეტრიაშვილი სააკაშვილის საქმეზე: კარგია, რომ ნათელი მოეფინა სერიოზულ დანაშაულს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "თავად ნაციონალური მოძრაობაც კი არ უარყოფს იმ ხარჯების გაწევას, რომელსაც სახელმწიფოს ხარჯზე, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები". პეტრიაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის წარდგენა შეაფასა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, "ეს არის სამარცხვინო და ნამდვილად კარგია, რომ იქნა გამოძიებული და სინათლე მოეფინა ამ ძალიან სერიოზულ დანაშაულს".

პროკურატურამ გუშინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები