მიხეილ სააკაშვილის საქმე

ნადირაშვილი: სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა პიარაქციაა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურისგან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გასული ორი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების შესახებ მასალების ამოღებას მოითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მისი დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი.

"ამოიღონ ის წარმომადგენლობითი ხარჯები. მაშინ იქნებ იმ ადამიანსაც წაუყენონ ბრალი – თუ ეს დანაშაულია ჯანაშიასთვის, დანაშაული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსისთვისაც. გარწმუნებთ, რომ ზუსტად იგივენაირად ხდებოდა ხარჯების გაწევა. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა, ბრალი წაუყენონ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის უფროსს სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მაგალითად – ბრიუსელში ვიზიტის ხარჯები რომ მოითხოვოთ, წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებზე ნაკლები არ იქნება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის წარდგენა პიარაქციაა.

"ეს ყველაფერი გამოყენებულია პიარისთვის, რადგან მთავრობას არ აქვს პასუხი, რატომ ვერ გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად პენსია, რატომ ჰყავს მთავრობას ჩინოვნიკები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, გამოიწერონ 40 ათასი პრემია და მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთი მილიონი დახარჯეს ხელფასებზე ერთი თვის განმავლობაში.  ცხადია, ამ პირობებში მთავრობას არაფერი დარჩენია, რადგან ხალხი ადრე თუ გვიან მოსთხოვს პასუხს, და იძულებულები არიან, ასავალ-დასავალის სტილში გააკეთონ პიარაქციები. მე ეს ნამდვილად არ მიკვირს. ამ მთავრობისგან არაფერი არ მიკვირს, მაგრამ ხელისუფლებაში უნდა ესმოდეთ, რომ  ასეთი ტიპის ბრალის წარდგენა სამომავლოდ მათაც დააზარალებს, რადგან, ალბათ, მოვა მთავრობა, რომელიც მათი ტრადიციის საფუძველზე მათაც მოკითხავს, როგორ აწერდნენ კრემით ხელს იმ დაბადების დღის ტორტზე. ამიტომ, მე ვთვლი, რომ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, როცა მთავრობის სამარკო ნიშანია ძვირადღირებული ჯიპები, პრემიები, ბიუჯეტის გარღვევა და ძალიან ძვირი ვალის აღება, ეს არის ყურადღების გადასატანად გაკეთებული", - განაცხადა ნადირაშვილმა.

პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინაუცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები