მიხეილ სააკაშვილის საქმე

კრამერი: რჩება შთაბეჭდილება, რომ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი ტიმოშენკოს წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრამერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით თვლის, რომ "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს. დევიდ კრამერმა ინტერვიუ "ამერიკის ხმას" მისცა.

"ვფიქრობ, გვაქვს საქმე საპირისპირო ინტერესებთან. პირველი ინტერესია ის, რომ ყველა ადამიანმა პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე, მათ შორის, დღევანდელმა თუ ყოფილმა ლიდერებმა. მეორე ინტერესია ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და მოქმედმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებზე გაამახვილოს ყურადღება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა ერთგვარი ვერდიქტი გამოუტანა ყოფილ ხელისუფლებას. წაყენებული ბრალდებებით ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დევნა წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს დასავლეთში. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და გამოთქვა შეშფოთება. ვნახეთ, რომ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მომხრეებმაც ამერიკის კონგრესში. იმავეს ამბობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისა და ტელეკომპანია „იმედის" დაკავებისათვის. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლით მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვადასხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ. სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს", - ამბობს კრამერი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ  საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები