მიხეილ სააკაშვილის საქმე

კოჟორიძე სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

Medianews

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, რა პროცედურები გახდება საჭირო, თუ საქართველო ინტერპოლს მიმართავს ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით. 

"როგორც ცნობილია, დაცვის მხარე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის განჩინებას სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვს მის გაუქმებას. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განჩინება, პროკურატურას ექნება შესაძლებლობა გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნა და მიმართოს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს როგორც ბრალდების საფუძვლიანობას, ასევე იმას, არის თუ არა პოლიტიკური მოტივებით ეს საქმე განპირობებული და ამის შემდეგ გადაწყვეტს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს.

თუმცა, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ქვეყანა, სადაც ექსპრეზიდენტი იმყოფება, ავტომატურად ხდება ვალდებული, დააკავოს და საქართველოს გადმოსცეს ექსპრეზიდენტი. ეს დამოკიდებული იქნება, იმ ქვეყანასა და საქართველოს შორის სისხლის სამართლის სფეროში რა ტიპის ხელშეკრულებაა გაფორმებული და რა პირობებს ითვალისწინებს ეს. და, ცხადია, ასევე იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე. ცხადია, თუ ექსტრადიციის საკითხი დადგება დღის წესრიგში, ისე, როგორც სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში მოხდა, მოითხოვენ საქმის სრულ მასალებს და კონკრეტული მტკიცებულებები იქნება აქ ალბათ გადამწყვეტი, კონკრეტული არგუმენტები და ამის შემდეგ გადაწყდება ექსტრადიციის საკითხი", - განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები