უკრაინის კრიზისი

Independent: მიწა გაზის სანაცვლოდ - პუტინი-მერკელის გარიგება უკრაინაზე

პუტინი, ბლატერი და მერკელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე
twitter.com/shashj

ბრიტანული Independent- ის ცნობით, გერმანიის კანცლერი და რუსეთის პრეზიდეტი უკრაინის დესუვერენიზაციისა და დანაწევრების საიდუმლო გეგმაზე მუშაობენ. თუკი მერკელის წინადადებები პუტინისათვის მისაღები აღმოჩნდება, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა აღიაროს და უკრაინaს NATO-ში გაწევრიანებაზე უარი უთხრას. უფრო ადრე უკრაინის ფინლანდიზაციის ინიციატივით ზბიგნევ ბჟეზინსკი და ჰენრი კისინჯერი გამოვიდნენ.

ამის სანაცვლოდ, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია და იქ მოქმედი სეპარატისტების სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა და დათანხმდეს ევროპასთან უკრაინის სავაჭრო კავშირს, ხოლო უკრაინამ აღმოსავლეთ რეგიონებს მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს.

საკუთარი “საზღვრების სტაბილიზების” მერკელისეულ გეგმაზე დათანხმების შემთხვევაში, უკრაინის მთავრობა მიიღებს შეღავათიან პირობებზე გაზპრომთან გრძელვადიან ხელშეკრულებას. რუსეთი ასევე გადაუხდის უკრაინას მილიარდდოლარიან კომპენსაციას იმ საიჯარო შემოსავლის ნაცვლად, რომელიც ყირიმში თავისი ფლოტის ბაზირებისათვის უნდა გადაეხადა.

მერკელის გეგმის განხორციელება შეაფერხა რუსი ინტერვენტების მიერ მალაზიური რეისი MH17-ის ჩამოგდებამ. თუმცა, Independent-ის წყაროები იუწყებიან, რომ გამოძიების დასრულებისა და ტრაგედიით გამოწვეული შოკის ჩაცხრობის შემდეგ, გერმანია-რუსეთის საიდუმლო მოლაპარაკებები განახლდება.

მერკელისა და პუტინის გარიგების კომენტირებისას, ბრიტანული საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი და რომ ასეთი გარიგება ამერიკისა და ბრიტანეთისათვის მიუღებელი იქნება.

გერმანული ოფიციალური წრეების კომენტარის მოპოვება Independent-მა პუბლიკაციამდე ვერ მოახერხა, მაგრამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფედერალური მთავრობის სპიკერის მოადგილე ქრისტაინე ვირცმა ამგვარი მოლაპარაკებების არსებობა BBC-სთან საუბარში უარყო.

გაზეთი წერს, რომ გარიგება გერმანელებისთვის არსებით საკითხს წარმოადგენს. ”ეს მერკელის გარიგებაა. ის უშუალოდ ელაპარაკებოდა პუტინს ამაზე. მერკელს დავის მოგვარება სჭირდება, რადგან არავის ინტერესში არაა უკრაინის საკითხზე დაძაბულობის არსებობა და რუსეთის გარიყვა. არავის უნდა კიდევ ერთი ცივი ომი”, - უთხრა Independent-ს მომლაპარაკებლებთან დაახლოებულმა წყარომ.

მერკელის პირობებში, რუსულ-გერმანული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები მკვეთრად გაძლიერდა. გარიგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გერმანიის გაზმომარაგების კუთხით, ვინაიდან მოხმარებული გაზის მეოთხედი გერმანიას სწორედ რუსეთიდან შემოაქვს, ხოლო რუსული გაზის ევროპული ექსპორტის თითქმის 80% უკრაინის გავლით გადის. ბოლო წლებში უკრაინა-რუსეთს შორის დავის გამო ამ მილსადენით ევროპის გაზმომარაგება ხშირად წყდებოდა.

თუმცა, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანია უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია - Nord Stream-ის მილსადენი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერია, მას უკრაინის გვერდის ავლით პირდაპირ რუსეთთან აკავშირებს. ამ გაზსადენის შესახებ შეთანხმება იმჟამად პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს შეადარა. მერკელის გეგმის გახმაურების შემდეგ მსგავსი პარალელები კიდევ ბევრჯერ გაკეთდება.

მიწა გაზის სანაცვლოდ გარიგების ცენტრალური ფიგურა, Independent-ის ვარაუდით, უნდა იყოს უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, გაზით მოვაჭრე დმიტრო ფირტაში, რომელსაც ანდრეი პიონტკოვსკი “პუტინის საფულეს” უწოდებს. ევრომაიდნის დაწყებამდე ფირტაში იანუკოვიჩის გარემოცვაში საკვანძო მოთამაშე იყო, ხოლო იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ ის ვენაში გაიქცა, სადაც ამჟამად ამერიკაში მისი ექსტრადიციის პროცედურა მიმდინარეობს. საკითხის გადაწყვეტამდე ავსტრიულმა სასამართლომ ფირტაში 172 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საკუთარ თავს ის “გაზპრომის ჯადოსნურ ჯოხად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ ამერიკელებს მისთვის არაფერი ისეთის შეთავაზება არ შეუძლიათ, რის სანაცვლოდაც ის პუტინისა და გაზპრომის ფინანსების საიდუმლოს გათქვამდა. ფირტაში პუტინის მეგობრების, ბორის და არკადი როტენბერგების ბიზნეს პარტნიორია. მარტში როტენბერგები უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული სანქციების პირველ ტალღაში მოხვდნენ.

ვიკილიქსის მიხედვით, რუსული მაფიის სოლნცევოს დანაშაულებრივი სინდიკატის ხელმძღვანელ, უკრაინაში დაბადებულ სემიონ მოგილევიჩთან ერთად, ფირტაში გაზის კომპანია როსუკრენერგოს მეშვეობით რუსული გაზიდან მიღებულ უკანონო შემოსავლებს აკონტროლებდა. ვიკილიქსისვე ცნობით, ამ შემოსავლების გათეთრება ავსტრიული რაიფაიზენ ბანკის მეშვეობით ხდებოდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფირტაში ვიტალი კლიჩკოს პარტია უდარის მთავარ სპონსორად ითვლებოდა. ამ გავლენის გამოყენებით, ფირტაშმა უზრუნველყო კლიჩკოსა და პეტრო პოროშენკოს გარიგება 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომლის შედეგადაც კლიჩკომ პოროშენკოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა და კიევის მერობას დასჯერდა.

კომენტარები