უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

უგულავა: მსგავსი ხრიკებით ვერ გაგვაჩერებენ, პროტესტი ახალ ლიდერებს შობს

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, "ხელისუფლება ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე დარტყმისთვის ემზადება და ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში ხელი შეუშალოს". ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის განხილვის დასრულებისას თქვა.

”ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხელისუფლების დარტყმის ობიექტი რუსთავი 2 იქნება. უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს, რომ ის სამართლებრივი პასკვილი, რომელსაც ესენი აცხობენ, არ არის უკანასკნელი და ემსახურება სულ სხვა რამეს. არსებული ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის ფონზე დარტყმის ობიექტი იქნება რუსთავი 2, რაც გამოიწვევს ხალხის მღელვარებას და ხელისუფლებას სურს, ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში ხელი შეუშალოს. რაც ყველაზე მთავარია, არც მე, არც მიხეილ სააკაშვილს, არც ჩვენს მეგობრებს არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ამ ქმედებების, რადგან მსგავსი ხრიკებით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. პროტესტი ახალ ლიდერებს შობს”, - განაცხადა გიგი გულავამ.

გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს, 11:00-ზე განახლდება. ადვოკატ გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა დაერთო. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ “რიყის ტერიტორიის ღირებულება, რომელიც მერიამ გამოისყიდა, 2008 წლის დეკემბერში შეადგენდა 17 მილიონს და მაქსიმუმ 23 მილიონს”.

პროკურორ მალხაზ კაპანაძის თქმით კი, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმეზე მხოლოდ ერთი დოკუმენტის დართვა მოხდა. მისი განცხადებით, "შინაარსობრივად, აღნიშნული დოკუმენტი დაცვის მხარეს ხელს არ აძლევს”.

კომენტარები