უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

ბასილაია: ბრალდების დადგენილებაში ჯოზეფ კეის შესახებ შეუსაბამო განცხადებებია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, "ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში ჯოზეფ კეიმ კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო წილი, მაშინ როცა, ერთი კვირის წინ ჯოზეფ კეიზე ამტკიცებდნენ, რომ პირიქით, კეთილსინდისიერი შემძენი იყო და დათმობა მოხდა არაკეთილსინდისიერად". ბასილაიას კეზერაშვილის და გიგი უგულავას ახალი ბრალდების შესახებ დადგენილება უკვე გადაეცა.

"მასალების გაცნობის საშუალება არ მომეცა. მითხრეს, რომ მასალებს მოგვიანებით გადმოგვცემენ. ბრალდების შესახებ დადგენილებაში ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება არსებობს, თუმცა მისი შინაარსი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ასევე, მოხსენიებული არიან ის პირები, ვინც იმ დროს ტელეიმედში მუშაობდნენ. ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში ჯოზეფ კეიმ კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო წილი, მაშინ როცა, ერთი კვირის წინ ჯოზეფ კეიზე ამტკიცებდნენ, რომ პირიქით, კეთილსინდისიერი შემძენი იყო და დათმობა მოხდა არაკეთილსინდისიერად. საბოლოო ჯამში, ბრალდების მხარეს მოუწევს აირჩიოს ერთი კონკრეტული პოზიცია, რომ სახე იქნას შენარჩუნებული ან ერთი ბრალდების, ან მეორის", - აცხადებს ბასილაია.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები