უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

პროკურორი: ჯოზეფ კეის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა არ არის

პროკურორ მალხაზ კაპანაძის განცხადებით, ადვოკატების ინფორმაცია, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმე ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსანთა ბრალდების საქმეს, არასწორია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, "ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში ჯოზეფ კეიმ კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო წილი, მაშინ როცა, ერთი კვირის წინ ჯოზეფ კეიზე ამტკიცებდნენ, რომ პირიქით, კეთილსინდისიერი შემძენი იყო და დათმობა მოხდა არაკეთილსინდისიერად". 

პროკურორ მალხაზ კაპანაძის განცხადებით კი, "გვინდა, მკაფიოდ და კატეგორიულად განვმარტოთ: არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საქმეს შორის არ არსებობს. ერთ შემთხვევაში საუბარია უგულავასა და კეზერაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 10 მლნ დოლარის მართლსაწინააღმდეგო მითვისებიაა და მის ლეგალიზაციაზე, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციის თვალსაზრისით სამართლებრივი შემხებლობა არა აქვს იმედის დაუფლებასთან, ხოლო მეორე საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის, ტელეიმედის უკანონოდ დაუფლებას. რიყის საქმეზე ჯოზეფ კეიმ სასამართლოს დეტალურად განუმარტა მისთვის თანხის გადაცემის საფუძველი, ხოლო მეორე საქმეზე გამოძიება გრძელდება და გამოიკვეთება მისი როლი ტელეიმედთან დაკავშირებით. ამდენად, ადვოკატების განცხადებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას".

მალხაზ კაპანაძის კომენტარს საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები