უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 18 ივნისს განახლდება

რიყის ტერიტორიისა და იმედის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 18 ივნისს განახლდება.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, როდის დაიკითხება საქმის მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი. პროკურორ კახაბერ მურადაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს ჯერ კიდევ ბევრი მოწმე ჰყავს დასაკითხი. მან აღნიშნა, რომ აუცილებლად დაიკითხება ჯოზეფ ქეი.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება ბრალდების მოწმემ, შპს ახალი რიყის წარმომადგენელმა თინათინ იაშვილმა მისცა. პროკურორის შეფასებით, "მოწმემ ერთგვარად დაადასტურა, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ხელშეკრულების გაფორმება ფიქტიური იყო".

შეგახსენებთ -  წინა პროცესზე ცნობილი გახდა, რომ არჩევნებამდე, რიყისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი თვეში ერთხელ გაიმართება. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას შუამდგომლობა სასამართლო პროცესების გამართვასთან დაკავშირებით. გიგი უგულავამ მოსამართლეს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო პროცესები არ გამართულიყო.

კომენტარები