მიხეილ სააკაშვილის საქმე

წიკლაური: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება უპრეცედენტოდ მკაცრია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას ეხება, არის უპრეცედენტოდ მკაცრი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, "სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სამართლებრივი სისტემები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური დევნის იარაღად. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ის წავა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, თუ ის არ გაითვალისწინებს იმ თხოვნებს, რომლებიც აქვს ჩვენს კეთილისმსურველებს და ჩვენს მეგობრებს მსოფლიოში, საქართველოს ექნება ძალიან სერიოზული პრობლემები საერთაშორისო იმიჯის შელახვის თვალსაზრისით".

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები