მიხეილ სააკაშვილის საქმე

The Wall Street Journal: სირცხვილი საქართველოს

The Wall Street Journal-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი ბრალის წარდგენას ეხმიანება და ევროკავშირისა და შეერთებული შტატების გაფრთხილებებს არასაკმარისად მიიჩნევს. "ისინი უფრო ეფექტიანები უნდა გახდნენ" - წერია სტატიაში სათაურით - “სირცხვილი საქართველოს", რომელიც სარედაქციო გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიაში იმედია გამოთქმული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხმას აიმაღლებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით.

“ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ქართულმა ოცნებამ, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, საეჭვო სისხლისსამართლებრივი გამოძიებები დაიწყო სააკაშვილის მოკავშირეთა წინააღმდეგ. გასულ ორშაბათს კი, სააკაშვილს წაუყენა ბრალი, რაც პოლიტიკური შურისძიების გამჭვირვალე მაგალითია. სააკაშვილი ახლა შეერთებულ შტატებში ასწავლის და უკრაინის ახალ პროდასავლურ ხელისუფლებას აძლევს რჩევებს, მაგრამ შურისძიების ტვირთს საქართველოში დარჩენილი კოლეგები ეზიდებიან. მათ შორისაა დედაქალაქის ყოფილი მერი და ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კამპანიის მენეჯერი, რომელიც სამ ივლისს დააპატიმრეს”, - წერს გაზეთი.

The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ დასავლეთს თბილისზე გავლენის მოხდენა შეუძლია და მან ეს უნდა გამოიყენოს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები