მიხეილ სააკაშვილის საქმე

ჯაფარიძე: სააკაშვილმა 7 ნოემბრის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა.

“ის, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი გადადგა, იყო აღიარება იმისა, რომ არ უნდა განვითარებულიყო ის პროცესები, რაც განვითარდა. ამის გამო პოლიტიკური პასუხიმგებლობა მან აიღო, გადადგა თანამდებობიდან, შემდეგ ჩატარდა ხელახალი არჩევნები”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ საუბარია რაღაც კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს გამოძიება და თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, კონკრეტული ადამიანები დაისაჯონ.

“მაგრამ საუბარი იმაზე, რომ იქ სააკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, არის ზღაპარი. ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას წინასწარ აანონსებდა არაერთხელ ჯერ კიდევ ივანიშვილი, ის, რომ ღარიბაშვილი გვპირდებოდა ცხელ ზაფხულს, თუნდაც ის, რომ დღეს დილითაც ვიცეპრემიერისგან გაისმა მუქარა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და სამართალთან. დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის ერთადერთი მოსალოდნელი შედეგი ქვეყნის იმიჯის შელახვაა.

"მთელი აზრი ამ ყველაფრის არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქვეყანამ დაკარგა სამი მილიარდი ეკონომიკაში, ის, რომ ქვეყანამ დაკარგა 600 მლნ დოლარი სავალუტო რეზერვები და ა.შ. მათ სურთ, ვილაპარაკოთ სხვა თემებზე, მათ შორის, ახლა რამდენიმე დღეა, ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ სააკაშვილი არის დაბარებული პროკურატურაში და ამით გადაიფარება ის თემები. ცხადია, ერთადერთი შედეგი, რაც ამ ყველაფერს შეიძლება მოყვეს, არის ის, რომ შეილახება ქვეყნის იმიჯი. სხვა ვერანაირი შედეგი ამ პროცესს ვერ მოჰყვება" - აცხადებს ჯაფარიძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები