"ირაკლი ღარიბაშვილის სტატუსი დღესაც არის პრემიერმინისტრი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. პრეზიდენტმა კონსტიტუციონალისტთა ნაწილის მოსაზრება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური ცვლილების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს სხვა მინისტრებთან ერთად შეუჩერდა უფლებამოსილება და ის მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. პრეზიდენტის განცხადებით, ასევე "მინისტრია" მთავრობის იმ წევრთა სტატუსიც, რომელთაც საკადრო ცვლილება არ შეხებიათ.
"არსებულ ვითარებაში, მთავრობა პრემიერმინისტრის ჩათვლით, თეორიულად, 2 კვირის განმავლობაში არის კითხვის ნიშნის ქვეშ იმასთან დაკავშირებით, დაამტკიცებს თუ არა მას პარლამენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უფლებამოსილება აქვთ შეწყვეტილი. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტმა ან უნდა განაახლოს მათი ნდობა ან მიიღოს სხვა გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ნდობა არის განსაახლებელი. ირაკლი ღარიბაშვილის სტატუსია "პრემიერმინისტრი" და დანარჩენი მინისტრებიც, რომლებსაც ცვლილება არ შეხებიათ, არიან მინისტრები", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ როგორც კი ახალი მინისტრების სიას მიიღებს, პროცედურას არ დააყოვნებს და პარლამენტს მიმართავს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.
კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.





