რუსეთის ეკონომიკა

პუტინის სამხრეთამერიკული ტურნე - რუსეთი ახალი მოკავშირეების ძიებაში

12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს კირხნერმა პუტინის სამხრეთამერიკული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს ორ ქვეყნას შორის ბირთვული ენერგეტიკის განვითარების ხელშეკრულებას. რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს არგენტინაში ააშენოს ორი ბირთვული ელექტროსადგური.

Reuters-ის ცნობით რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ Rosatom მზად არის სამხრეთ ამერიკის მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ფინანსურად მომგებიანი პირობებით შესთავაზოს პროექტის განხორციელება. მისივე თქმით სპეციალისტება უკვე დაიწყეს ელექტროსადგურებისათვის შესაფერისი ადგილების მოძიება.

არგენტინა ამჟამად რთულ ფინანსურ სიტუაციაშია, რადგანაც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სადავო საგარეო ვალი გააჩნია, რომლის გადახდის საბოლოო ვადაც 30 ივლისს იწურება, რის შემდეგაც არგენტინას ჯარიმის სახით სანქციები მოელის. არგენტინამ უცხოური ვალები 2002 წლის დეფოლტის შედეგების შესასუსტებლად აიღო, თუმცა ამ ვალების დაბრუნების გაჭიანურების გამო ქვეყანა კვლავ კირიზისში შეიძლება აღმოჩნდეს.

რუსულ-არგენტინულ შეხვედრაზე განიხილებოდა ფართო ეკონომიკური კავშირების დამყარების შესაძლებლობებიც, მათ შორის იყო არგენტინის სამხრეთში ახლად აღმოჩენილი ვაკა დე მუერტას გაზისა და ნავთობის საბადოს დამუშავების მომავალი პერსპექტივების განხილვა.

პუტინი დაუგეგმავი ვიზიტით ნიკარაგუასაც ესტუმრა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, დანიელ ორტეგას შეხვდა. პუტინმა ვიზიტი რუსეთ-ნიკარაგიუს დიპლომატიური ურთიერთობის 70 წლის იუბილეს დაუკავშირა. ნიკარაგუა ერთერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარა.

ნიკარაგუაში განიხილება ახალი არხის პროექტი, რომელშიც ჩინური კომპანია HKND 40 მილიარდ დოლარს ჩადებს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად აქცევს. ორტეგას ენერგეტიკულმა მრჩეველმა ალვარო ბალტოდანომ განაცხადა, რომ ინვესტიცია საერთაშორისოა და ჩინური მხარე სხვა კომპანიებთან ერთად იმუშავებენ პროექტის განხორციელებისათვის. პარტნიორ კომპანიებს შოპრის რუსული მხარეც არის ჩართული. 

არხი 278 კილომეტრის სიგრძის იქნება, რაც მას საშუალებას მისცემს გაატაროს უდიდესი ტანკერები და კონტეინერმზიდები, რომლებსაც აქმადე სამხრეთ ამერიკისათვის შემოვლა უწევდათ. ორტეგას თქმით, არხი ნიკარაგუის ეკონომიკას განსაკუთრებით სწრაფი ზრდის საშუალებას მისცემს.

ნიკარაგუიდან პუტინი კუბაში ჩავიდა, სადაც კუბისათვის ვალების ჩამოწერის ხელშეკრულება გააფორმა და ქვეყანას $30 მილიარდზე მეტი ვალი აპატია. 

სამხრეთამერიკული ტურნე პუტინმა ბრაზილიაში BRICS-ის (რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტზე დაასრულა. გარდა სამიტისა, პუტინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსაც დაესწრო, სადაც ლოჟაში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერლეკთან და FIFA-ს პრეზიდენტთან, ზეპ ბლატერთან ერთად ადევნებდა თვალს არგენტინა-გერმანიის თამაშს. 

რუსეთმა გასული თვის მანძილზე ზოგადად გააქტიურა საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობები. Forbes-ის ცნობით გაფორმდა რუსეთ-ჩინეთის 400 მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც მომავალი 30 წლის მანძილზე განხორციელდება. Gazprom-მა ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიულ ენერგო კომპანია OMV-სთან, რომლის მიხედვით რუსული და ავსტრიული მხარეები დააფინასებენ სამხრეთის ნაკადის პროექტს. ხელშეკრულებამდე ორი თვით ადრე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და გამკაცრებას გეგმავდა.

კომენტარები