ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ღარიბაშვილი: ჩვენ ევროპული სივრცის ზღურბლთან ვდგავართ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხის კენჭისყრამდე დეპუტატებს მიმართა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ევროპისაკენ, მტკიცე დემოკრატიისაკენ და ეს პროცესი ახლა უკვე შეუქცევადი გახდა, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, - ახლა ჩვენ ამ სივრცის ზღურბლთან ვდგავართ. ჩვენ ევროპაში უნდა შევაბიჯოთ, როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანამ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ევროპის მრავალფეროვან კულტურაში. ჩვენი და ევროპის მსოფლმხედველობრივი კავშირი, სიახლოვე, ნათესაობა საუკუნეებს ითვლის. ეს დროში გამოცდილი კავშირია, რომელსაც ვერაფერი დააკლო ისტორიულმა ქარტეხილებმა“.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მაგალითია, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული დემოკრატიული რეფორმები განახორციელა და მზად არის, მთელ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი იყოს.

როგორც პრემიერი ამბობს, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის  სამოქმედო გეგმაა, რომელიც ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, ეს გეგმა დემოკრატიული პრინციპების ერთგულებას გულისხმობს.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს ანიჭებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესმენებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და მრავალრიცხოვან ბაზარზე დიდ შესაძლებლობას აძლევს.

პრემიერის შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაა. მისი აზრით, ამ პროცესში წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უვიზო მიმოსვლა მოქალაქეებს ყველაზე ხელშესახებ შედეგებს მოუტანს.

„მეტიც, გაზრდილი მიმოსვლა გააღრმავებს ადამიანთა შორის კონტაქტებს და განამტკიცებს კავშირებს ბიზნესის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით“, - დასძენს ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოქმედებს.

„ჩვენ გამოვხატავთ ურყევ ნებას და მზადყოფნას, რომ გავუზიაროთ ასოცირების შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობები და სარგებელი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩემო მეგობრებო, თქვენ, ჩვენთან ერთად, ყველა იმ მიღწევისა და მონაპოვრის თანაზიარი ხდებით, რომელსაც ევროპასთან დაახლოება მოუტანს საქართველოს! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა სიკეთით - იქნება ეს უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის უდიდესი ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა“, - აცხადებს ღარიბაშვილი. 

კომენტარები