თვითმფრინავის ჩამოგდება

FBI და NTSB აღმოსავლეთ უკრაინაში გამოძიებაში ჩაერთვებიან

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებების შესასწავლად გაემგზავრებიან. როგორც ABC ნიუსს განუცხადეს, ისინი უკრაინაში გამოძიების მიმდინარეობისას მრჩევლების როლში იქნებიან.

პრორუსი სეპარატისტები, რომლებიც აკონტროლებენ იმ არეალს, სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეუთო-ს ინფორმაციით, დღეს დათანხმდნენ, რომ გამომძიებლებს ადგილზე მუშაობის საშუალება მისცენ.

ავიაკომპანია მალაიზიის ავიახაზების ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 295 ადამიანი დაიღუპა. 

უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შეიქმნას სახელმწიფო კომისია ICAO-სა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების სპეციალისტების, ასევე ნიდერლანდებისა და მალაიზიის სახელმწიფოთა წარმომადგენლების მონაწილეობით.

„არის მტკიცებულებები, რომ რუსეთმა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმები "გრადის" სისტემიდან, ასევე საზენიტო რაკეტებიდან ჩვენი თვითმფრინავების წინააღმდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მესამე ტრაგიკული შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავები АН-26 და СУ-25. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითმფრინავიც ჩამოაგდეს, აქვე აღვნიშნავთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არანაირი საჰაერო მოქმედებები არ განუხორციელებია“, - წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები