თვითმფრინავის ჩამოგდება

2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სასამართლო პროცესი იწყება

Reuters

დღეს ამსტერდამში დაიწყება უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი. პირველი სხდომა თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 5 წლის შემდეგ გაიმართება. ეჭვმიტანილია 3 რუსი და 1 უკრაინელი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული სარაკეტო სისტემის მოწყობაში, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ეჭვმიტანილები ამ დროისათვის, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფებიან და სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2015 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფს.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე - ლეონიდ ხარჩენკოზე.

გირკინი ამბობს, რომ ამბოხებულებს კავშირი არ აქვთ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. სხვა ეჭვმიტანილები კომენტარს არ აკეთებენ.

2018 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

გამოძიებაში მონაწილეობდა უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრალია, მალაიზია და ბელგია. 2017 წელს ისინი შეთანხმდნენ, რომ სასამართლო ნიდერლანდებში გამართულიყო.

პროკურორების თქმით ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ 298 ადამიანის მკვლელობა და თვითმფრინავის ჩამოგდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციაზე უარს ამბობს. გარდა ამისა კრემლი არ აღიარებს საერთაშორისო გამოძიების და დამოუკიდებელი სასამართლოს ლეგიტიმურობას.

კომენტარები