თვითმფრინავის ჩამოგდება

MH-17-ის მგზავრების ნათესავებს თვითმფრინავის ნამსხვრევები უჩვენეს

gdb.voanews.com/

უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის დაღუპული მგზავრების ნათესავებს, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თვითმფრინავის ნამსხვრევები უჩვენა. ნამსხვრევები ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გამოფინეს. დაგეგმილია, რომ მათ 500-მდე ადამიანი ნახავს. პროკურორმა, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, განაცხადა, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი ბუკის ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო, თუმცა ჯერჯერობით სხვა ვერსიების გამორიცხვაც არ შეიძლება. შუალედური ანგარიშის მიხედვით, კატასტროფა გარეშე დაზიანებამ გამოიწვია. სრული ანგარიშის გამოქვეყნება ნიდერლანდებში ოქტომბერშია დაგეგმილი.

თვითმფრინავი MH 17 რეისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში ასრულებდა, გასული წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. უკრაინის ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მტკიცებით, თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ბუკის დანადგარიდან გამოშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო. მოსკოვი ამ ვერსიას უარყოფს. კატასტროფის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

კომენტარები