ქურდული სამყარო

ევროსასამართლო: ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონი კონვენციას არ არღვევს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მიერ 2005 წელს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომლითაც კანონიერი ქურდობა დასჯადი გახდა, არ არღვევს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას.

შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვეტილება საქმეზე „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ" 15 ივლისს ერთხმად მიიღო.

საქართველოს მოქალაქემ, აჭარის მკვიდრმა იზეტ აშლარბამ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2008 წელს შეიტანა. 2007 წელს აშლარბა საქართველოში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქურდული სამყაროს წევრობაში და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მომჩივანი აცხადებდა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლის პირველი პარაგრაფი - არავითარი სასჯელი კანონის გარეშე - რადგან კანონი, რომლითაც ის გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს ქურდული სამყაროს წევრობაში, არ იყო მკაფიო და საკმარისად განჭვრეტადი, რათა განესაზღვრა, თუ რა ტიპის ქმედება შეიძლება მიჩნეულიყო კრიმინალური სამყაროს წევრობად და, შესაბამისად, დასჯადად.

აშლარბას საქმე კანონიერ ქურდ ა.კ-ზე მიმდინარე გამოძიების ნაწილი იყო, რომლისგანაც ის რეგულარულ ინსტრუქციებს იღებდა. ევროსასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში აშლარბა დამნაშავედ ცნეს სამ ეპიზოდში, რომლებიც დაადასტურეს მოწმეებმა და სატელეფონო ჩანაწერებმა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, კონვენცია ადგენს, რომ დანაშაული და მისი შესაბამისი სასჯელი ნათლად უნდა იყოს გაწერილი კანონში, თუმცა, შესაძლებელი უნდა იყოს კანონის ზოგადი გამოყენება და ის ყოველთვის კონკრეტული ვერ იქნება - შეიძლება არსებობდეს იურიდიული ინტერპრეტაციის აუცილებელი ელემენტი, რომელიც საზოგადოებაში ცვალებად გარემოებებზე იქნება მორგებული. კანონი შეიძლება ჩაითვალოს "განჭვრეტადად" მაშინაც კი, თუ ადამიანს სჭირდება იურიდიული დახმარების გამოყენება მისი ქმედების პოტენციური შედეგების შესაფასებლად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „ქურდული სამყარო" და კრიმინალური სუბკულტურის მომიჯნავე ტერმინები უცხო ვერ იქნებოდა მომჩივნისთვის. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 223 (1) მუხლი ფართო საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი იყო, რომელიც, საერთო ჯამში, შეიცავდა "ქურდული სამყაროსა" და "კანონიერი ქურდის" დეტალურ განმარტებას.

„აშლარბას საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროს გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ციხეში, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით მის მოწყვლად ნაწილზე - ახალგაზრდებზე. საქართველოს ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო ისეთი კანონის შექმნა, რომელის საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, უფრო ეფექტიანად ებრძოლა ამ საშიშ კრიმინალურ სინდიკატთან, რომელსაც გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროზე, არამედ მოდებული იყო საჯარო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. მთავრობის მიერ მოწოდებული კვლევები და მასალები ადასტურებს, რომ ეს კრიმინალური ფენომენი ღრმად იყო ფესვგადგმული საზოგადოებაში, და ისეთი კონცეფციები, როგორიცაა "ქურდული სამყარო" და "კანონიერი ქურდები", ყველასთვის ცნობილი იყო. შესაბამისად, დანაშაული, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 (1) მუხლით იქნა შემოღებული, კონკრეტულად კი ქურდული სამყაროს წევრობისა და კრიმინალური ქურდობისთვის დასჯა, იყო ისეთი კონცეფციების კრიმინალიზება, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. კონკრეტულად კი, საქართველოს კანონმდებლობამ გადაწყვიტა ამ დანაშაულების ყოველდღიური ტერმინების საშუალებით ლეგალური განმარტება, რადგან ამ დანაშაულების არსი ადვილად გასაგები ყოფილიყო საზოგადოებისთვის", - ასკვნის სასამართლო.

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო. კანონის მიხედვით, დასჯადი გახდა ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა, მიუხედავად იმისა, ჩადენილი აქვს თუ არა ამ პირს კონკრეტული დანაშაული.

 

კომენტარები