ქალთა უფლებები

NGO-ები: GDS-ის გადაცემა ქალის და მამაკაცის როლის სექსისტური ინტერპრეტაციაა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ტელეკომპანია GDS-ის ეთერში "ბინა 18-ის" 9 ივლისის გადაცემა "ქალის და მამაკაცის როლის ღიად სექსისტური ინტერპრეტაციაა, რაც საზოგადოებაში არსებული მანკიერი სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს". როგორც ოცამდე არასამთავრობო ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი იდეის გავრცელების უფლებას გულსხმობს, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მყარი საკანონმდებლო გარანტიები არ ათავისუფლებს მედიას ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან.

"თანამედროვე საზოგადოებაში მედიას სოციალური ცვლილებების მხრივ უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მას შეუძლია როგორც დააჩქაროს, ასევე შეაფერხოს სტრუქტურული ცვლილებები გენდერული თანასწორობის მიმართულებით. იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, ტელეკომპანიის მიერ ქალის ობიექტად წარმოჩენა, რაც ქალისა და მამაკაცის როლების ტრადიციულ აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს, ყოვლად მიუღებელია. ვთვლით, რომ იმ ტელეკომპანიისთვის, რომელსაც პრეტენზია არა ტაბლოიდურ ჟურნალისტიკაზე, არამედ მომავალში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაზე აქვს, სექსისტური შინაარსის ტირაჟირება, რომელიც ქალთა მიმართ უთანასწორობის გაღრმავებას უწყობს ხელს, მიუღებელი უნდა იყოს. ტელეკომპანია GDS-ის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იმისდა მიხედვით ჩამოყალიბდება, თუ რამდენად ადეკვატურად გაიაზრებს სარედაქციო ჯგუფი მომხდარს და რამდენად აისახება საზოგადოების მხრიდან გადაცემის მიმართ გამოხატული კრიტიკა ტელეკომპანიის სამომავლო სარედაქციო პოლიტიკაზე. მედიის როლის თანამედროვე გაგება გაცილებით ფართოა, ვიდრე მისი, როგორც მარტოოდენ ბიზნეს პროექტად განხილვა. იმედს გამოვთქვამთ, რომ კომერციულ ინტერესზე მეტად, GDS მედიის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე იქნება ორიენტირებული, რაც ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ანგარიშვალდებულებას და მათი საჭიროებებისა და ინტერესების ასახვას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ინსტიტუტი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საფარი, მედია კლუბი "ფრონტლაინ ჯორჯია", რუსუდან გოცირიძე, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, გენდერული სამართლიანობა - საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ფონდი "ტასო", ქალთა ფონდი საქართველოში, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი, გენდერული თანასწორობის ქსელი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი.

კომენტარები