გიგი უგულავას საქმე

აქცია "წერილი გიგის" და გამოფენა - "ეს გიგის გაკეთებულია" მიმდინარეობს

მშვიდობის ხიდზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია "წერილი გიგის", ასევე, გამოფენა - "ეს გიგის გაკეთებულია" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამ გზით უგულავას მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავენ. სპეციალურ ყუთს, რომელშიც წერილებს ათავსებენ, გიგი უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნიან.

ფოტოგამოფენაზე კი, საინიციატივო ჯგუფმა ის პროექტები წარმოადგინა, რომლებიც გიგი უგულავას მერობის პერიოდში განხორციელდა.

"გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების და დაკავების შემდეგ უამრავი წერილი შემოდის მერიაში და უამრავი ადამიანი რეკავს. მათ სურთ გამოხატონ თავისი დამოკიდებულება და მხარდაჭერა გიგი უგულავას მიმართ. დღევანდელი აქციით მათ შეუძლიათ, პირადად მიმართონ გიგი უგულავას, გამოხატონ თავისი აზრი და მხარდაჭერა", - განაცხადა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ.

აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელებში დაიწყო გიგი უგულავას მხარდამჭერი კამპანია. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ვიდეომიმართვებს და Facebook-წერილებს აქვეყნებენ. სპეციალურ Facebook-გვერდზე - "წერილი გიგის" - უკვე განთავსდა მეუფე მელქისედეკის და მომღერალ ეკა მამალაძის ვიდეოჩანაწერები. გარდა ამისა, თბილისის ყოფილ მერს Facebook-ით მიმართეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა და პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის ყოფილი მერის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს, თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო.

კომენტარები