Google

უფლება, იყო დავიწყებული

„თუ ადამიანების უმრავლესობას სწამს სიტყვის თავისუფლების, მაშინ მათ ექნებათ სიტყვის თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონით იკრძალება". ჯორჯ ორუელი

2014 წლის 13 მაისს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკული კომპანია Google-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, Google-ი ვალდებულია, საკუთარი საძიებო სისტემიდან წაშალოს კერძო პირების შესახებ არსებული ინფორმაცია მათივე მოთხოვნის საფუძველზე. სასამართლომ განმარტა, რომ ევროკავშირის სამართლის მიხედვით, ინტერნეტმომხმარებელს უფლება აქვს, აკონტროლოს პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მოითხოვოს საძიებო სისტემიდან უმნიშვნელო (არარელევანტური) ან მცდარი ინფორმაციის წაშლა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ინტერნეტში კანონიერადაა განთავსებული. შესაბამისად, ამიერიდან Google-ი და მსგავსი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასონ, რამდენად სენსიტიურია ესა თუ ის მონაცემი ადამიანის პირადი ცხოვრებისთვის და არსებობს თუ არა საკმარისი საჯარო ინტერესი, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტმომხმარებელმა დაუბრკოლებლად მიიღოს. ამგვარი ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საძიებო სისტემიდან უნდა წაიშალოს. აღნიშნული სტანდარტი არ ვრცელდება საჯარო პირებზე, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ისედაც მაღალია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. თავად Google-ის შეფასებით, მოცემული გადაწყვეტილება ცენზურის ტოლფასია. კომპანიის განმარტებით, იგი უშუალოდ არ ახდენს ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და ონლაინსივრცეში განთავსებას. Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი ისეა შედგენილი, რომ იგი ინტერნეტსივრცეში უკვე არსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის დაკავშირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, Google-ი ფაქტობრივად არ აკონტროლებს ინფორმაციას და მას არ უნდა ეკისრებოდეს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავად ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში კანონიერადაა განთავსებული.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარს ვივიან რედინგს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას Facebook-ის მეშვეობით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპელების პერსონალური მონაცემების დაცვისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას წარმოადგენს". მისი აზრით, დროა, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებულმა რეგულაციებმა ქვის ხანიდან თანამედროვე კომპიუტერულ სამყაროში გადმოინაცვლოს.

ერთი შეხედვით, ცუდი არ არის, თუ ინტერნეტმომხმარებლის პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, დაცული იქნება. თუმცა, სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომა სამართლებრივად გაუმართავი და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არაეფექტურია.

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტს დაახლოებით 2.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინსივრცე ინფორმაციის მიღების და გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან (თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან) წყაროს წარმოადგენს. ამასთანავე, თითოეულ ჩვენგანს აქვს მოლოდინი, რომ ინტერნეტის მეშვეობით დროულად მივიღებთ და გავავრცელებთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად, ეფექტურად ვისარგებლებთ გამოხატვის თავისუფლებით, რაც პირადი ცხოვრების უფლების მსგავსად, ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს.

სასამართლოს მიდგომა გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით პრობლემურია იმდენად, რამდენადაც იგი ავალდებულებს Google-ის მსგავს კომპანიებს, არ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში ისედაც კანონიერად არის განთავსებული და მასზე წვდომა ნებისმიერ მომხმარებელს აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილება, რეალურად, კონკრეტული ინტერნეტმომხმარებლის პირადი ცხოვრების უფლებას კი არ იცავს, არამედ სხვა მომხმარებელს ურთულებს სწრაფად და კომფორტულად მიიღოს ინფორმაცია, რომლის მოძიებაც ისედაც ნებადართული, კანონიერი და შესაძლებელია, ოღონდ არა Google-ის ან მსგავსი საძიებო სისტემის, არამედ უშუალოდ იმ პირველწყაროს მეშვეობით, სადაც ეს ინფორმაცია არის განთავსებული.

კონკრეტული მომხმარებლის მხოლოდ სურვილი, რომ მისი პერსონალური მონაცემი „დავიწყებული იყოს" Google-ში (ან სხვა საძიებო სისტემაში), არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ დანარჩენ მომხმარებლებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით, ინტერნეტის საძიებო სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მიღების უფლება.

ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილებით იზღუდება არა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლების გამოხატვის თავისუფლება, არამედ თავად Google-ისა და მსგავსი კომპანიების უფლება, გაავრცელონ ინფორმაცია და მომხმარებელს გაუწიონ შესაბამისი მომსახურება.

შედარებისთვის, აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომას ითვალისწინებს აშშ-ის კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულია არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, არამედ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება და არ განახორციელოს ცენზურა. ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი შეზღუდვები Google-ის სამშობლოში არ იმოქმედებს. შესაბამისად, მოცემული გადაწყვეტილებით მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ზარალდებიან.

თუმცა, მსგავსი შეზღუდვები ტექნიკური თვალსაზრისითაც არაეფექტურია. ამის ნათელი მაგალითია ცოტა ხნის წინ თურქეთის ხელისუფლების მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ის დაბლოკვის მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

თავად ქვეყნის პრეზიდენტმა აბდულა გიულმაც კი უგულებელყო დაწესებული აკრძალვა და Twitter-ისვე გვერდზე დაწერა, რომ სოციალური პლატფორმის სრული დაბლოკვა მიუღებელია. ამასთან, აღნიშნა, რომ ტექნიკურად შეუძლებელია Twitter-ის და მსგავსი საკომუნიკაციო საშუალებების სრული ბლოკირება და იმედი გამოთქვა, რომ აკრძალვები დიდხანს არ გაგრძელდებოდა.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში ინტერნეტგაზეთ Грани.ру-ს ბლოკირების შემდეგ, როდესაც გამომცემლობაც და მომხმარებლებიც ალტერნატიული ტექნიკური საშუალებით მაინც ახერხებდნენ ინფორმაციის მიღებას და ონლაინსივრცეში განთავსებას. „პროქსი" სერვერებისა თუ სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, შესაძლებელია, ნებისმიერ აკრძალვას გვერდი აუარო და ინტერნეტში სასურველი ინფორმაცია მაინც მოიპოვო და განათავსო.

აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნიკური თვალსაზრისითაც აღუსრულებელი დარჩება, თუ ევროკავშირიც, ჩინეთის მსგავსად, ინტერნეტსივრცის მასობრივ ცენზურას არ განახორციელებს.

გარდა ამისა, მოცემული გადაწყვეტილება არა მხოლოდ ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული ინტერნეტმომხმარებლის პირადი ცხოვრების უფლების ეფექტურ დაცვას და არღვევს სხვათა გამოხატვის თავისუფლებას, არამედ სასამართლოს მიდგომა კონცეპტუალურად არასწორია, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას კერძო კომპანიებს აკისრებს.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, მხოლოდ სახელმწიფოები არიან ვალდებულნი დაიცვან ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საგანს წარმოადგენს (ე.წ. ვერტიკალური ურთიერთობა).

ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებების სფეროში კერძო კომპანიების ვალდებულებებთან დაკავშირებით საერთაშორისო რეგულაციების შემოღების ინიციატივა ჯერ კიდევ 2003 წელს გაჩნდა, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ქვეკომისიამ დაამტკიცა „გაეროს ჩარჩონორმები ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნესკომპანიების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესახებ". თუმცა, აღნიშნული ინიციატივა, ისევე როგორც რამდენიმე მსგავსი მცდელობა, შექმნილიყო საერთაშორისო სავალდებულო რეგულაციები კერძო კომპანიებისთვის, სრული კრახით დასრულდა.

კერძო კომპანიებს არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ შესაბამისი ლეგიტიმაცია და ინსტუმენტები, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები. Google-მა და მსგავსმა კომპანიებმა კი არ უნდა შეაფასონ, რამდენად არღვევს ამა თუ იმ ინფორმაციის ინტერნეტში არსებობა ადამიანის უფლებებს, არამედ ეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხია. ადამიანის უფლებების დაცვა ექსკლუზიურად სახელმწიფოსა და შესაბამისი ინსტიტუტების დაცვის ვალდებულებას წარმოადგენს.

დაბოლოს, Google-ისა და Facebook-ის ეპოქაში, ადამიანის უფლება, იყოს დავიწყებული, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, რომლისაც ჯერ კიდევ ასე ღრმად და ყოვლისმომცველად სჯერათ ბრიუსელში.

 

კომენტარები