Google

უკრაინა Google Maps სამხედრო ობიექტების სურათების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან შექმნილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს ინფორმაციით, განახლების შემდეგ Google Maps-ის სერვისმა უკრაინის სამხედრო ობიექტების თანამგზავრიდან გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.

"წარმოიდგინეთ სიტუაცია - Google თავის რუკებზე აქვეყნებს განახლებულ სურათებს, რომლებზეც ჩვენი სამხედრო სისტემების მდებარეობა ჩანს (არ დავაკონკრეტებ, რომლების). ჩვენ მათ ამის სწრაფად გამოსასწორებლად ვუკავშირდებით, მაგრამ დასვენების დღეები აქვთ. ამისთვის არ სცალიათ". - დაწერა კოვალენკომ 3 ნოემბერს თავის ტელეგრამზე.

მისივე თქმით, რუსეთმა უკვე დაიწყო გამოსახულებების "აქტიური გავრცელება", მათ შორის, რუსულ Z არხებზე ტელეგრამში. კოვალენკოს არ დაუკონკრეტებია, რომელი სამხედრო აღჭურვილობაა გამოსახული სურათებზე.

მოგვიანებით კოვალენკომ დაწერა, რომ Google-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას და "უთხრეს, რომ სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს".

კომენტარები