უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან შექმნილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს ინფორმაციით, Google Maps-ზე უკრაინის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის ამსახველი სურათები აღარ ჩანს.
"Google-მა რუკებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია გამოასწორა. ჩვენი სამხედრო ობიექტები და სისტემები აღარ ჩანს. სამომავლოდაც ყველაფერი რიგზე იქნება". - ამბობს კოვალენკო.
6 ნოემბერს კოვალენკომ თქვა, რომ Google-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავდა. "მე ვაპირებ მათ ავუხსნა, რომ უკრაინის სამხედრო სისტემებისა და ობიექტების მდებარეობის ამსახველი რუკების განთავსება, თუნდაც ეს ერთი წლის წინანდელი კადრები იყოს, დაუშვებელია".- თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია შედგა თუ არა დაგეგმილი შეხვედრა.
3 ნოემბერს განახლების შემდეგ Google Maps-ის სერვისმა უკრაინის სამხედრო ობიექტების თანამგზავრიდან გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.
"წარმოიდგინეთ სიტუაცია - Google თავის რუკებზე აქვეყნებს განახლებულ სურათებს, რომლებზეც ჩვენი სამხედრო სისტემების მდებარეობა ჩანს (არ დავაკონკრეტებ, რომლების). ჩვენ მათ ამის სწრაფად გამოსასწორებლად ვუკავშირდებით, მაგრამ დასვენების დღეები აქვთ. ამისთვის არ სცალიათ". - დაწერა კოვალენკომ 3 ნოემბერს თავის ტელეგრამზე.
მოგვიანებით კოვალენკომ ასევე დაწერა, რომ Google-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას და "უთხრეს, რომ სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს".