Google

ტრამპი: ევროპამ Google-ს წაართვა თანხა, რომელიც ამერიკულ ინვესტიციებს უნდა მოხმარებოდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიერ Google-სთვის ჯარიმის დაწესებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯარიმა უსამართლოა.

ტრამპის თქმით, ევროპამ Google-ს წაართვა თანხა, რომელიც ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს უნდა მოხმარებოდა.

"ევროპამ დღეს კიდევ ერთ დიდ ამერიკულ კომპანიას, Google-ს, 3.5 მილიარდი დოლარის ჯარიმა დაუწესა, რითაც, ფაქტობრივად, წაართვა თანხა, რომელიც, სხვა შემთხვევაში, ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს მოხმარდებოდა. ეს ემატება Google-ისა და სხვა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ დაკისრებულ ბევრ სხვა ჯარიმასა და გადასახადს. ეს ძალიან უსამართლოა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ამას არ შეეგუებიან! როგორც მანამდეც ვთქვი, ჩემი ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ დისკრიმინაციული ქმედებების ძალაში შესვლას. მაგალითად, Apple-ს 17 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რომელიც, ჩემი აზრით, არ უნდა დაეკისრებინათ – მათ თავიანთი ფული უნდა დაიბრუნონ! ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ასე თუ მოხდება, იძულებული ვიქნები დავიწყო 301-ე მუხლის შესაბამისად პროცესი, რათა გავაუქმო ამ გადასახადის გადამხდელ ამერიკულ კომპანიებზე დაკისრებული უსამართლო ჯარიმები". - წერს ტრამპი.

მანამდე, ევროკომისიამ Google-ის სარეკლამო ტექნოლოგიათა ბაზარზე ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდი ევროს ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები