Google

აშშ-ში სასამართლოს გადაწყვეტილებით, Google-ი ონლაინ ძიების სფეროში უკანონო მონოპოლისტია

Getty Images

აშშ-ში სასამართლოს გადაწყვეტილებით, Google-ი ონლაინ ძიების სფეროში უკანონო მონოპოლიას ფლობს.

Google-ს ონლაინ ძიების ბაზრის უმეტესობის კონტროლის გამო აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2020 წელს უჩივლა. 

აშშ-ს სახელმწიფო "სტრუქტურულ შესუსტებას" ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, გადაწყვეტილების შედეგად კომპანიას რა სასჯელი დაეკისრება. სასამართლო ჯარიმებისა და სადამსჯელო ზომების საკითხს შემდეგ მოსმენაზე გადაწყვეტს.

10-კვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში აშშ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას ედავებოდა, რომ Apple-ს, Samsung-ს, Mozilla-სა და სხვებს მილიარდობით დოლარს უხდის, რათა მრავალ პლატფორმაზე წინასწარ დაყენებული პირველადი საძიებო სისტემა იყოს. იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, Google-ი ამაში წელიწადში $10 მილიარდზე მეტს ხარჯავს და სხვა კომპანიებს კონკურენციის საშუალებას უსპობს. 

"იმის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი, რომ პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვანია, Google-ის ჩეკების წიგნია". - თქვა პროცესის დროს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის იურისტმა, კენეთ დინცერმა. 

Google-ის ადვოკატების თქმით, მომხმარებლები მათ საძიებო სისტემის მისი ხარისხის გამო იყენებენ, ხოლო კომპანია უბრალოდ მის ხელმისაწვდომობაზე ზრუნავს, რაც მომხმარებლების ინტერესებს ეხმიანება. ამასთან, კომპანიის ადვოკატის, ჯონ შმიდტლეინის თქმით, Google-ი კონკურენტებს შორის არა მხოლოდ ზოგადი საძიებო სისტემები, არამედ უფრო სპეციალიზებული ხელსაწყოებიც არიან. 

"Google-ი იგებს, რადგან უკეთესია". - თქვა შმიდტლეინმა. 

თავის გადაწყვეტილებაში აშშ-ს ფედერალური ოლქის მოსამართლე, ამიტ მეჰტა წერს, რომ Google-მა  მილიარდობით დოლარი დახარჯა, რათა სმარტფონებსა და ბრაუზერებში პირველადი საძიებო სისტემა ყოფილიყო, რაც კომპანიისთვის ძალიან ღირებული ინვესტიციაა.

"Google-ი მონოპოლისტია და მონოპოლისტივით იქცეოდა იმისთვის, რომ თავისი მონოპოლია შეენარჩუნებინა. [...] ბაზარზე ახალი შემსვლელი შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ ხარისხის თვალსაზრისით მზად რომც ყოფილიყო, პირველადი პროგრამის პოზიციის მოპოვება ეცადა, კონკურენციის გაწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ პარტნიორებისთვის მილიარდობით დოლარის გადასახდელად იქნებოდა მზად". - წერია მოსამართლის გადაწყვეტილებაში. 

Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

"ეს გადაწყვეტილება აღიარებს, რომ Google-ი მომხმარებელს საუკეთესო საძიებო სისტემას სთავაზობს, მაგრამ ასკვნის, რომ არ უნდა გვქონდეს საშუალება, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ". - წერია კომპანიის განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფომ ანტიმონოპოლიური კანონის საფუძველზე საჩივრები სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგაც შეიტანა, მათ შორის Amazon-ის, Apple-ისა და Meta-ს წინააღმდეგ, რომელიც Facebook-სა და Instagram-ს ფლობს.

კომენტარები