საბანკო სექტორი

TBC ასავალ-დასავალზე: უნდა დამკვიდრდეს ცილისწამებაზე პასუხისგების პრეცედენტი

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

თიბისი ბანკსა და გაზეთ ასავალ-დასავალს შორის დავა 2014 წლის 10 თებერვალს გაზეთ ასავალ-დასავალში ჟურნალისტ დომენტი (დიტო) ჩუბინიძის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე დაიწყო.

თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატების ქეთევან ქვარცხავასა და ზვიად კორძაძის ცნობით, თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ შეიტანეს სარჩელი სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე დაყრდობით პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საფუძვლით გაზეთ ასავალ-დასავალის და ჟურნალისტ დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლის ბოლოს.

თიბისი ბანკის ადვოკატებმა ტაბულასთან საუბარში განმარტეს, რომ გაზეთ ასავალ-დასავალში გავრცელდა ცრუ ფაქტები მამუკა ხაზარაძის მიერ ელიტ ელექტრონიქსის, თავისუფლების მოედანზე მდებარე ე.წ. ცეკავშირის შენობისა და კომპანია ბორჯომის ვითომდა მისაკუთრების თაობაზე. ამავე სტატიაში, ჟურნალისტები პარალელს ავლებენ 2012 წელს საგადასახადო დავალიანების გამო ბანკი ქართუს აქტივებისადმი მიმართულ ღონისძიებებსა და ჰიპერმარკეტ გუდვილის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას შორის და ამტკიცებენ, რომ ბანკი ანალოგიური სქემით ცდილობს გუდვილის აქტივების მისაკუთრებას და მის გაკოტრებას.

მოსარჩელის ადვოკატები ასევე ეხმიანებიან  სასამართლო პროცესამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გაზეთის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ 300-გვერდიან მტკიცებულებას, რომელიც, მოპასუხის თქმით, გავრცელებული ფაქტების მართებულობას ადასტურებდა.

ადვოკატები ტაბულასთან საუბარში განმარტავენ, რომ პროცესზე წარმოდგენილი A2 ფორმატის დოკუმენტების უზარმაზარ დასტა გაზეთ ასავალ-დასავალის უკლებლივ ყველა საგაზეთო გამოცემის კრებული გახლავთ, დაწყებული 2014 წლის 10 თებერვლიდან დასრულებული 2014 წლის 23 ივნისის გამოცემით. 

მოსარჩელეები ითხოვენ ასავალ-დასავალისთვის 160 000 ლარის დაკისრებას თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ.

აღნიშნული თანხა წარმოადგენს გაზეთის რედაქციის მიერ ცილისმწამებლური სტატიების ამსახველი გამოცემების სრული ტირაჟიდან მიღებულ შემოსავალს. გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვს, რომ დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით, გაზეთის იმავე გვერდზე და ისეთივე შრიფტით, როგორც დეფამაციური შინაარსის ცნობების პუბლიკაცია მოხდა.

საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლო არაუგვიანეს 2 თვის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ საქმე მიიჩნია, როგორც გასაკუთრებით რთული კატეგორიის, მისი განხილვა შეიძლება 5 თვემდე გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს სარჩელს, თიბისი ბანკი და მამუკა ხაზარაძე გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში.

მოსარჩელეთა ადვოკატები გამოთქვამენ იმედს, რომ ეს საქმე იქნება ცილისწამებითვის პასუხისგმებლობის სანიმუშო სამართლებრივი პრეცენდენტი ქართული სამართლის ისტორიაში. მათი თქმით, სარჩელიც სწორედ ამ პრეცედენტის დამკვიდრებას და საქართველოში თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარებას ემსახურება.

კომენტარები