გიგი უგულავას საქმე

უგულავა მოსამართლეებს: ნუ დატოვებთ ჩემს სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე

Gigi Ugulava
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა მოსამართლეებს მიმართავს, ნუ დატოვებენ მის სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე. მისი განცხადებით, მთავრობა ყველანაირად ცდილობს მის წარმოჩენას ბოროტმოქმედად და ამით არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

"მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პატიმრობაში ვარ, წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება მოსამართლემ სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა. თუმცა აქ არ ვაპირებ ამ საკითხის გარჩევას. მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რას ნიშნავს წინასწარი პატიმრობა. წარმოიდგინეთ, როცა ერთი ადამიანი თანახმაა, ეჭიდაოს ათს და მსაჯი ამ ათი პირის მოთხოვნით ერთს ხელებს უკრავს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში ორთაბრძოლა. ასეთ პირობებში ვარ მე და ჩემი მეგობრები. როცა ისედაც მთელი სახელმწიფო მანქანა გიპირისპირდება უთანასწორო ბრძოლაში და მოსამართლე წინასწარ პატიმრობას იყენებს, ანუ ხელებს გიკრავს და ასეთ პირობებში უნდა ამტკიცო შენი უდანაშაულობა. ეს კანონის უზენაესის სტანდარტისგან ძალიან შორსაა. ბოლო ორი წელია კანონის უზენაესობის პრინციპი ჩაანაცვლა მისმა სუროგატმა "სამართლიანობის აღდგენამ". დღეს, სწორედ სასამართლოს აკისრია ისტორიული მისია დაიცვას ქვეყანა პოლიტიკური შურისძიებისგან და მიიყვანოს კანონის უზენაესობის პრინციპამდე. ბატონო სააპელაციოს მოსამართლენო, ისედაც უთანასწორო ბრძოლაში მყოფს, ნუ დატოვებთ ჩემს სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე და მომეცით შანსი ჩემი არგუმენტი გამცნოთ“, - აცხადებს გიგი უგულავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდების შესახებ გიგი უგულავას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილებისთვის სასამართლოს 5-დღიანი ვადა აქვს.

კომენტარები