აზერბაიჯანი-საქართველო

ფანჯიკიძე: ბაქოდან ჩვენს დეპუტატებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ

facebook.com/maiapanjikidzeofficial

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უწყებას აზერბაიჯანიდან ბაქოს აეროპორტში ქართველ დეპუტატებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ინფორმაცია ჯერ არ მისვლია. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავეცით ნოტა, რომელშიც ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა მოხდა. ჩვენ, ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან თავად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ეს ფაქტი არანაირად არ ეხება, უნდა მოიძიოს შესაბამის უწყებებში ინფორმაცია და ეს, შესაძლოა, გარკვეულ პერიოდს მოითხოვდეს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ საზღვარზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა გადმოჰქონდათ. დეპუტატები ერთობლივ სარჩელს ამზადებენ და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებენ. ამასთან, ირმა ნადირაშვილი ირწმუნება, რომ საზღვარზე მისი და ჯაფარიძის შეყოვნების და გაჩხრეკის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. 

კომენტარები