გიგი უგულავას საქმე

ფანჯიკიძე უგულავას დაკავებაზე: სამართალდამცველები მოქმედებენ, როგორც საჭიროა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავებას მინისტრები მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურნენ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის აზრით, საგამოძიებო ორგანოებს უგულავას დაკავების საფუძველი ჰქონდათ. მისი თქმით, ნებისმიერი თანამდებობის პირი კანონის წინაშე თანასწორია, ხოლო მორატორიუმი საკანონმდებლო ნორმა არ არის.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი მიიჩნევს, რომ უგულავას დაკავება არის სამართლადამცველი ორგანოების საქმე და ისინი მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი თქვა, რომ ამ თემაზე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახური განცხადებას გააკეთებს.

17 საათის შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.

უწყების თანამშრომლებმა უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა.

უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიბარეს, ის წინა ღამეს გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას.

კომენტარები