ნიკოლა სარკოზის საქმე

ნიკოლა სარკოზის საქმეზე გამოძიება ოფიციალურად დაიწყო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს და მის საქმეზე გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

გუშინ სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მისაცემად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. 15-საათიანი დაკითხვის შემდეგ სარკოზის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი პოლიციაში დაკითხვის მიზნით დააკავეს. სარკოზის ჩვენებაზე დაბარებას წინ უძღოდა მისი ადვოკატის და ორი მოსამართლის დაკითხვა.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა ყოფილ პრეზიდენტსა და მის ადვოკატს მართლმსაჯულებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

გამოძიების ვარაუდით, სარკოზი ცდილობდა, საკუთარი საქმის მიმდინარეობაზე შიდა ინფორმაცია მოეპოვებინა მოსამართლისგან, რა დროსაც შეიტყო, რომ მის მობილურ ტელეფონს უსმენდნენ, იმის გასარკვევად, უფინანსებდა თუ არა 2007 წლის საარჩევნო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი.

ვარაუდობენ, რომ სარკოზის 2007 წელს გამარჯვებაში სწორედ კადაფის მიერ მიცემული 50 მილიონამდე ევრო დაეხმარა. ამასთან ერთად, შემოწირულებები, რომელსაც მმართველ პარტიას ლორეალის სახლის მფლობელი, ლილიან ბეტანკური კონვერტებით აწვდიდა.

კადაფისთან დაკავშირებით გამოძიება ახლაც გრძელდება. სწორედ ამ საქმისთვის მიიღეს გასულ წელს მოსამართლეებმა უპრეცედენტო ავტორიზაცია, ჩაეწერათ ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრები და აღმოაჩინეს, რომ სარკოზის საიდუმლო, სხვა გვარზე რეგისტრირებული ტელეფონი ჰქონდა, რომლითაც ადვოკატს ესაუბრებოდა. თავად ექსპრეზიდენტი ამ ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს.

ამჟამად გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, შეჰპირდა თუ არა სარკოზი პრესტიჟულ პოსტს მონაკოში მოსამართლეს, ინფორმაციის სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესზე მსგავი გავლენის მცდელობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად კვალიფიცირდება და მაქსიმალური სასჯელის სახით 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც პოსტი 2007-2012 ეკავა, რამდენიმე კორუფციულ სკანდალშია გახვეული.

მათ შორის, ცოტა ხნის წინ სარკოზის სახელს დაუკავშირდა სკანდალი 2012 წელს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გარშემო. გასულ თვეს გადადგა მისი პარტიის (UMP ) ლიდერი - მას შემდეგ, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ სარკოზის მხარდასაჭერად დახარჯული 10 მილიონი ევრო პარტიის ხარჯებად თაღლითურად გასაღდა. სარკოზი ამ ყველაფერთან კავშირს უარყოფს.

გარდა ამისა, გამოძიება არკვევს, დაეხმარა თუ არა ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას სარკოზი ბიზნესმენ ბერნარდ ტაპის სახელმწიფოსგან 400 მილიონი ევროს მიღებაში, 2007 წელს პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ მორიგი სკანდალი ნიკოლა სარკოზის გარშემო საბოლოოდ ჩაშლის მის გეგმებს, კენჭი იყაროს 2017 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე.

კომენტარები