ენერგეტიკა

ავსტრიული გაზის კომპანია: ევროპას სჭირდება მეტი რუსული გაზი

OMV-ს გერჰარდ როისი და Gazprom-ის ალექსანდრე მილერი ხელს აწერენ ავსტრიაში სამხრეთის ნაკადის განშტოების გაყვანის შესახე შეთანხმებას
REUTERS

ავსტრიული გაზის კომპანიის OMV აღმასრულებელი დირექტორი, გერჰარდ როისის თქმით, ევროპას სჭირდება მეტი რუსული გაზი, რომელიც ევროპის ენერგომოთხოვნას დააკმაყოფილებს - წერს Reuters. 

სამშაბათს, 24 ივნისს, ავსტრიამ და რუსეთმა საბოლოო შეთანხმებას ხელი მოაწერეს სამხრეთის ნაკადის გაზის მილთან დაკავშირებით. 

ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ავსტრიას სამხრეთის ნაკადის მილსადენის საშუალებით ავსტრიას უკრაინის გვერდის ავლით 32 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიაწვდის.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ავსტრიაში მიიწვია და უგულებელჰყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის მოვლენებს მოჰყვა.  

OMV-ს პრესსპიკერი, რობერტ ლეჰნერი, პრესასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის პირველი ნაკადი სავარაუდოდ უკვე 2016 წელს მიეწოდება კომპანიას. 

რუსულ საინფორმაციო სააგენტოს ITAR-TASS როისმა ასევე უთხრა, რომ პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის რეგულაციებთან. 

სამხრეთის ნაკადის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 40 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნება და ევროპას გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის. 

"მილსადენის გაზი ყოველთვის უფრო იაფი ეღირება, ვიდრე ამერიკული თხევადი გაზი" - მოჰყავს ვლადიმერ პუტინის ციტატა Russia Today-ს ამ პროექტთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ასევე აფიქსირებს რუსეთის პოზიციას, რომ ისინი ისწრაფვიან გაზის მიწოდებისას უკრაინას გვერდი აუარონ, რასაც სამხრეთის ნაკადი შესაძლებელს ხდის. 

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 21 ივნისს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსული სპეცსამსახურები საიდუმლოდ აფინანსებენ და მუშაობენ ევროპულ ეკოლოგიურ ჯგუფებთან, რათა ფიქლის გაზის წინააღმდეგ კამპანია აწარმოონ და ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება გაახანგრძლივონ. 

"ცხადია, რომ პუტინს სურს ევროკავშირის დანაწევრება. ეს ახალი ამბავი არ არის. ეს ის სტრატეგიაა, რომელსაც რუსები ყოველთვის მიმართავენ, როდესაც კუთხეში ექცევიან" - თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა 23 ივნისს, ავსტრიულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

ევროკომისიამ OMV-სა და Gazprom-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე ევროკომისიამ მშრალი განცხადება გაავრცელა, სადაც უბრალოდ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა - წერს გერმანული Deutsche Welle.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე ორი თვით ადრე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასა და გამკაცრებას გეგმავდა

დადებული შეთანხმების თანახმად რუსული Gazprom და ავსტრიული OMV ავსტრიის ტერიტორიაზე 50 კილომეტრიანი მილსადენის აშენების ხარჯს, 200 მილიონ ევროს, თანაბრად გაიყოფენ. როისის თქმით, Gazprom ავსტრიისთვის 50 წლის შემდეგაც კი საიმედო პარტნიორი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას. 

სამხრეთის ნაკადის სრული სიგრძე 2 446 კილომეტრია და შავი ზღვის, ბულგარეთის, სერბიის, უნგრეთისა და სლოვენიის გავლით მიდის ავსტრიაში. Reuters-ის ინფორმაციით შესაძლებელია აშენდეს ახალი განშტოება იტალიაში. 

Gazprom-ის პარტნიორები, რომელი წყალქვეშა სამუშაოებს შეასრულებენ იტალიური ENI, გერმანული Wintershall Holding და ფრანგული EDF არიან. 

კომენტარები