ასოცირების შეთანხმება

ზაქარეიშვილი: არ ველოდები, რომ რუსეთს შეუძლია საქართველო სერიოზულად დააზარალოს

"რუსეთს ყველაზე ნაკლები რესურსი საქართველოს წინააღმდეგ აქვს, ვინაიდან საქართველოს გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგად, პრაქტიკულად დისტანცირებული ვართ რუსეთისგან", - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ იმ სახელმწიფოებს, ვინც ხელს აწერს ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, რუსეთს ყველაზე ნაკლები რესურსი საქართველოს წინააღმდეგ აქვს, რადგან საქართველოს გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ, პრაქტიკულად, დისტანცირებული ვართ რუსეთიდან, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ ველოდები, რომ რუსეთს შეუძლია საქართველო სერიოზულად დააზარალოს. თუმცა, ბუნებრივია, დღევანდელი განცხადებით ჩანს, რომ რუსეთს წარმოდგენილი აქვს, თუ რა მოხდება ეკონომიკური მიმართულებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა უკვე მოახდინა 2008 წელს და "ამ მიმართულებით განსაკუთრებით არსებით ცვლილებებს არ ველოდებით".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "თუ რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებები ევროკავშირთან მის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ის საკუთარი თავის დასაცავად ზომებს მიიღებს".

კომენტარები