ასოცირების შეთანხმება

ჰერმანი: რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

www.dossiereuropa.eu

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის პროცესი, რომელსაც საქართველო გადის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ასევე პროექტები, რომლებიც განხორციელდება ევროკავშირის დელეგაციის დახმარებით. მათ ისაუბრეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზეც.

“პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბოლომდე ცხადია, მსგავსი ნაბიჯები ზიანს აყენებს ჩვენს ძალისხმევას, არსებული კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავალი ვიპოვოთ. მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე საერთაშორისო სამართალს და იმ ვალდებულებებს, რომელიც თავად რუსეთს აქვს აღებული. სწორედ ასე ვუყურებთ ჩვენ ამ ნაბიჯს და ცხადია, გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას. გვესმის, რომ ეს არ არის რუსეთის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი, ამიტომ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მივყვებით საკმაოდ ახლოს ამ პროცესს. ევროკავშირს მიაჩნია, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლებრივად ეს არის არალეგიტიმური დოკუმენტი, ის რა თქმა უნდა იწვევს საკმაოდ დიდ შეშფოთებას, აღძრავს საფრთხეებს და გამოწვევებს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ქმედებები მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისკენ, რათა მოხდეს შედეგის მიღწევამდე ევროკავშირიდან, ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან თანამიმდევრული და მტკიცე პოლიტიკისა და ზეწოლის მაქსიმალურად გაგრძელება”, - თქვა დავით ბაქრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, გარდა აღნიშნულისა, მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროპული, ევროატლანტიკური პერსპექტივის გახსნას.

"ამ თვალსაზრისით, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საქართველოს ყველა მოქალაქისადმი", - აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები