ასოცირების შეთანხმება

ბოკერია: ასოცირების დღის წესრიგში სიახლეა ხაზგასმა შერჩევით სამართალზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი არის ახალი დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა ფუძემდებლურ ისტორიულ დოკუმენტს - ასოცირების ხელშეკრულებას. ბოკერია აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანწილად წინა ხელისუფლების დროს შემუშავდა. ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი იმ სიახლეებზე საუბრობს, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში მოხვდა და თავად ასოცირების ხელშეკრულებაში არ ყოფილა. 

"აქ სიახლის სახით არის ხაზგასმა შერჩევით სამართალთან დაკავშირებით. ასევე იმ, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო ვითარებასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. ეს სიახლეები დოკუმენტში გაჩნდა იმ რეალობის გამო, რომელშიც ჩვენ ვართ - როცა ოპოზიციის ლიდერებს იჭერენ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, იქამდეც, ჩვენს გენერალურ მდივანს და სხვა ყოფილ მინისტრებს, როცა აშკარაა პოლიტიკური მოტივი, შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დაკვეთა. რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, ეს საკითხი ასოცირების ხელშეკრულების ფუძემდებლურ დოკუმენტში არ არის, ეს არის ხელისუფლების არჩევანი, როგორც ჩანს, რომ ამ საკითხზე ჰქონდეს დისკუსია ევროკავშირთან. მე ამ არჩევანს არ გავაკეთებდი", - განაცხადა ბოკერიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის არაოფიციალური თარგმანი ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტებია პოლიტიკური დიალოგი, რომელმაც უნდა მოიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფა. ასევე, კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის უზრუნველყოფა და პოლიტიკურ სისტემაში შესაბამისი კონტროლისა და ბალანსის უზრუნველყოფა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტებია მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაც, "კერძოდ: სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან", "უზრუნველყოფილ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, რათა თავიდნ იქნას აცილებული ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი". დღის წესრიგის პრიორიტეტია რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც.

 

კომენტარები