ქართველი დეპუტატები ბაქოში

უსუფაშვილი: ბაქოში „რაღაც გაუგებრობა“ მოხდა

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის გარშემო ბაქოში განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანია იმედის გადაცემა პოლიტიკის დროში ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის წევრები ჯაფარიძე და ნადირაშვილი ბაქოში რაიმე სამსახურებრივი მივლინებით არ იმყოფებოდნენ.

„სრულიად აშკარაა, რომ იყო რაღაც გაუგებრობა და ისიც აშკარაა, რომ ჩემი კოლეგებიც და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ისინი შეეცადნენ და მოახერხეს გარკვეული საკითხების მოგვარება, რადგან ისინი დღეს საქართველოში არიან და აგრძელებენ მოღვაწეობას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამავე დროს, მისი თქმით, მას ინციდენტის შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. რაც შეეხება აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს დიდ ოდენობით თანხა გადაჰქონდათ, უსუფაშვილმა აღნიშნა: „მგონია, ზოგადად ელჩები ასე არ საუბრობენ, თუ რაღაც მინიშნება არ აქვთ“.

შეგახსენებთ, 19 ივნისს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოს აეროპორტში, არადეკლარირებული თანხებისა და ელექტროშოკების გადატანისთვის დაკავების შესახებ. დეპუტატების საბაჟოზე შეჩერების ფაქტი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა. თუმცა, აზერბაიჯანის ოფიციალურ უწყებებს ქართველი პარლამენტარების მიერ არადეკლარირებული თანხების გადატანისა ან სხვა რაიმე სამართალდარღვევის ფაქტი არ დაუდასტურებიათ. ბრალდება კატეგორიულად უარყვეს თავად დეპუტატებმაც. 

 

კომენტარები