ქართველი დეპუტატები ბაქოში

ჭიკაიძე: იყვნენ თუ არა დაკავებულები ენმ-ის დეპუტატები, ზუსტად არ ვიცი

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "იყვნენ თუ არ იყვნენ დაკავებულები თუ შეყოვნებულები [ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი], ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას მე არ ვფლობ". როგორც ჭიკაიძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს.

"მაგრამ გარკვეული ინფორმაცია, რაც მასმედიას გააჩნია, ჩვენც გაგვაჩნია, რომ ისინი იყვნენ შეჩერებულები საბაჟოზე, გამშვებ პუნქტზე, ვინაიდან მათ გააჩნდათ არადეკლარირებული დიდი თანხა და რაღაც აპარატურა, არ ვიცი ზუსტად", - თქვა შს მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ".

თავად ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა უარყვეს დაკავების ფაქტი. ჯაფარიძის ვარაუდით, ქართული სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდებოდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ - ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები დადიოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ამის შემდეგ ირმას და მე 30 წუთის განმავლობაში გვჩხრეკდნენ. ამის გამო თვითმფრინავმა 40 წუთით დააგვიანა“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქშოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას.

კომენტარები