პოლონეთი

რუსეთის საგარეო უწყება: სიკორსკის გამონათქვამები პოლიტიკური რეალიზმია

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის გამონათქვამები აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ მის პოლიტიკურ  რეალიზმზე მეტყველებს. ამის შესახებ, სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, 24 ივნისს რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა განაცხადა.

„სიკორსკის გამონათქვამების არსი მის პოლიტიკურ რეალიზმზე მეტყველებს. აშშ-ს მისამართით  გამოყენებული ფორმა კი, შესაძლოა, პოლონეთის თავისებური პასუხია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეურაცხმყოფელ  გამონათქვამზე ევროკავშირის მისამართით“,  - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებული  ფარულ ჩანაწერის თანახმად, ვიქტორია ნულანდმა უკრაინაში აშშ-ს ელჩთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირი უცენზურო სიტყვით მოიხსენია.  

ფარულ ჩანაწერებში, რომელიც 22 ივნისს პოლონურმა გამოცემა Wprost-მა გამოქვეყნა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთსა და აშშ-ს ურთიერთობა უცენზურო სიტყვით დაახასიათა და ამ ურთიერთობას უსარგებლო და საზიანო უწოდა,  რადგან ევროპის ქვეყნებთან კონფლიქტებს იწვევს.

პოლონეთში ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას სკანდალი მოჰყვა. ოპოზიცია მინისტრის გადადგომას და დონალდ ტუსკის მთავრობის პასუხისმგებლობას მოითხოვს. პრემიერმინისტრის განცხადებით კი, იგი არ აპირებს მთავრობის წევრების გადაყენებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კერძო საუბრებში უცენზურო სიტყვებს იყენებენ.მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაა, რომელიც მაღალჩინოსნების კერძო საუბრებს იწერს. 

 

კომენტარები