პრეზიდენტის უფლებამოსილება

პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ სსიპ-ებს მთავრობა ხელახლა დააფუძნებს

პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მთავრობა ხელახლა დააფუძნებს. უკვე გაუქმდა პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომელთა საფუძველზეც თავის დროზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები: საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, საფინანსო სააგენტო, საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ. ძალადაკარგულად გამოცხადდა პრეზიდენტის სხვა ბრძანებულებებიც, მათ შორის - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ. ახლა მთავრობა გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და ზემოთ აღნიშნულ სსიპ-ებს ხელახლა დაამტკიცებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის ახლანდელი კონსტიტუციური უფლებამოსილებებითა და კონსტიტუციის საფუძველზე კანონებში განხორციელებული ცვლილებებით ხსნიან. ვახტან ხმალაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებები განისაზღვრებოდა კონსტიტუციით და ძალიან ბევრი კანონით.

"უფლებამოსილებების ნაწილი ეწერა კონსტიტუციაში და ძალიან ბევრი რამ ეწერა სხვადასხვა კანონში. ზოგი ასეთი კანონით, პრეზიდენტს შეეძლო დაეფუძნებინა საჯარო სამართლის იურიდული პირები. 2010 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა, რომ პრეზიდენტს რჩება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კონსტიტუციაში აღარ წერია პრეზიდენტის უფლბამოსილება, დააფუძნოს სსიპ და აქ მარტო დაფუძნებაზე არ არის საქმე - ვინც აფუძნებს, მერე მას თავადვე აქვს ამ სსიპ-ის საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება. ეს კონსტიტუციაში აღარ წერია. ამიტომ, 2013 წლის შემოდგომაზე ჩვენ დაგვჭირდა 150-მდე კანონში ცვლილებების შეტანა, რითაც გაუქმდა კანონით პრეზიდენტისთვის მინიჭებული ისეთი უფლებამოსილებები, რომლებიც კონსტიტუციით აღარ იყო განსაზღვრული, ერთ-ერთი არის ეს - სსიპ-ების შექმნა. შესაბამისად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც საჯარო სამართლის იურიდული პირი არის დაფუძნებული პრეზიდენტის მიერ, მაგრამ პრეზიდენტს მისი არც დაფუძნების უფლება აქვს და არც მისი კონტროლის. ამიტომ, აუცილებელი გახდა ხელახალი აქტი ამ სსიპ-ების დაფუძნების შესახებ. ახალი აქტით, ვინც აფუძნებს (სსიპ შეიძლება დააფუძნოს მთავრობამ ან ცალკეულმა სამინისტრომ), ის ხდება უფლებამონაცვლე იმის, ვინც დღეს არის. რეალურად, არაფერი არ იცვლება, ეს არის მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში", - განაცხადა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ "კონსტიტუცია არ შეიძლება დაარღვიოს ვინმემ, ჩვენ ვალდებული ვართ, შევასრულოთ ის, რაც წერია კონსტიტუციაში".

კომენტარები