ქართველი ემიგრანტები

ილია მეორე: ქართველები უცხოეთში უეკლესიოდ გადაგვარდებოდნენ

ილია II

ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად არქიმანდრიტ საბა ინწკირველს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად ხელი დაასხა და საკვირაო ქადაგება წარმოთქვა, რომელიც ემიგრანტებს შეეხებოდა. პატრტიარქის თქმით, რომ არა ქართველი სასულიერო პირები უცხოეთში, ქართველი ემიგრანტები გადაგვარდებოდნენ.

"თქვენ არჩეული ხართ ასეთი რთული ეპარქიის მღვდელმთავრად. სადაც მრავალი რელიგია და მრავალი ერის წარმომადგენელია, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვეშველებოდა ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი ქართველი ხალხი რომ გაიხვეწა უცხოეთში და ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ და აი უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ ის მადლი და ის წყალობა, რომ უცხოეთის ქვეყნებში დადგინდა მრავალი სამღვდელოება და მღვდელმთავარი...

როცა მე მაკურთხებდნენ, 5-6 ეპისკოპოსი იყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ეყოლებოდა 48 ეპისკოპოსი. ეს წარმოუდგენელია და ეს არ არის არც ჩემი დამსახურება, არც ჩვენი სინოდისა, არც ხელისუფლების, მით უმეტეს. ეს არის წყალობა ღვთისა. თქვენ იგზავნებით ამერიკაში მეუფე საბა, იმისათვის, რომ მოამზადოთ, შეკრიბოთ ერთად სამღვდელოება და ერი და დააბრუნოთ სამშობლოში. ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა. მაგრამ იქ ყოფნისას თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ დაივიწყოს ხალხმა ქართული ენა, ქართული წერა, ადათი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა", - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა.

კომენტარები