შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "ის განცდები, რასაც ქმნიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, არის მტკნარი სიცრუე, არ შეესაბამება სიმართლეს". ჭიკაიძის კომენტარი დანაშაულის სტატისტიკაზე შს სამინისტრომ გაავრცელა.
"მინდა ვთქვა, რომ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს სამინისტროს. ის, ვინც ცდილობს, რომ მოახდინოს სამინისტროს დისკრედიტაცია, არის მიუღებელი ჩემთვის. თქვენ თვითონვე განიხილავთ სამინისტროს სტატისტიკას, შეხედავთ, გაუმჯობესებულია მდგომარეობა, კრიმინოგენული სიტუაცია, ნარკომანიის მიმართულებით, ყველა მიმართულებით სტატისტიკა გაუმჯობესებულია. ეს არის დაზუსტებული, არანაირი ცდომილება არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკური ავანტიურისთვის შექმნან საზოგადოებაში განცდა, რომ კრიმინალმა მოიმატა ქვეყანაში. ეს არ შეესაბამება რეალობას. ეს არის კარგად გაწერილი ანტიპიარი სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ, რითაც საზოგადოებაში უნდათ განწყობის შექმნან, რომ ქვეყანაში არის კრიმინოგენული სიტუაცია დაძაბული.“ - განაცხადა შს მინისტრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 5 თვის დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 9.86%-ით იკლო. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, რეგისტრირებულია 11912 დანაშაული, ხოლო 2013 წლის ამავე მონაკვეთში, სამინისტრომ 13 215 დანაშაული აღრიცხა. სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა მკვლელობის მცდელობა, ქურდობა, ძარცვა.
თუმცა, როდესაც ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ "ნარკომანიის მიმართულებით, ყველა მიმართულებით სტატისტიკა გაუმჯობესებულია", შსს-ს გავრცელებული სტატისტიკა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს. გასულ წელთან შედარებით, სწორედ ნარკოტიკულმა დანაშაულმა მოიმატა - 763 ერთეულით. კერძოდ, თუ 2013 წლის იანვარ-მაისში ნარკოდანაშაულის 1704 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის ხუთ თვეში სამართალდამცავებმა ანალოგიური დანაშაულის 2 467 შემთხვევა აღრიცხეს.