ასოცირების შეთანხმება

ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ დელეგაციაში საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება

დელეგაციაში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გაემგზავრება, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დელეგაციაში საქართველო წარმოდგენილი იქნება ფორმულით 4+1. კონკრეტულად, დელეგაციის წევრები იქნებიან საქართველოს პრემიერმინისტრი, საგარეო, ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრები. ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოეწერება. ქართული მხრიდან მას ხელს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს.

“უკვე ცნობილია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 27 ივნისს ადგილობრივი დროით დილის 09.00 საათზე შედგება. მას დაეწრება 28 ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფოს მეთაური”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც 2010 წელს მოლაპარაკებების დაწყების დღიდან ჩართული იყო ამ პროცესში.

"აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი ეწერება პარაფირებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, რაც მიანიშნებს მხარეთა სურვილს, გააღრმავონ თანამშრომლობა და ურთიერთობის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ასოცირების შეთანხმება ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. ახალი თაობის შეთანხმებაა, რამდენადაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. შეთანხმების შემდეგ ევროკავშირთან ინტეგრაცია ხდება საქართველოს არამხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ "საქართველო სრულიად იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს". 

კომენტარები