უკრაინის სამხედრო ძალები ცეცხლს ცალმხრივად შეწყვეტენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს ახალი სამშვიდობო გეგმის პირველი ნაწილი იქნება. პოროშენკოს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შედეგად ტერორისტებს საშუალება მიეცემათ იარაღი დაყარონ, რუს დივერსანტებს კი, შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტერიტორია დატოვონ.
პოროშენკოს გეგმა ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დერეფნების შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, გეგმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები რუსეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე კონტროლს აღადგენენ. გუშინ უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო გეგმის შესახებ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
თუმცა, პრორუსი ტერორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, მოსკოვში მყოფმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა პოროშენკოს გეგმას არ მიიღებს და განიარაღებაზე უარს ამბობს. სეპარატისტები დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გაყვანას მოითხოვენ.
გუშინ პოლტავის ოლქში, გაზსადენზე, რომლითაც ევროპაში გაზის ტრანზიტი ხორციელდება, აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობა მალე მოხერხდა, გაზის მოწოდება აღდგენილია. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიების მთავარი ვერსია ტერორისტული აქტია. რომლის მიზანი, შესაძლოა, უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის დისკრედიტაცია იყო.




