ბაქრაძეს არ ესმის, რას ზეიმობს კოალიცია, როცა მეორე ტურის ალბათობა მაღალია

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ ღარიბაშვილისა და კოალიცია ქართული ოცნების წევრების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მათ გამარჯვება გამოაცხადეს. ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როცა მოსახლეობის 60% არჩევნებზე არ მოვიდა, ხოლო ეგზითპოლის შედეგებით არსებობს მაღალი ალბათობა მეორე ტურის დანიშვნის, მას არ ესმის რას ზეიმობს მთავრობა.

”ამ წუთებში მთავრობა ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ზეიმის იმიტაცია, რომ თითქოს საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე. მე ვერ გეტყვით რა არის საზეიმო დღევანდელ არჩევნებში ხელისუფლებისთვის, რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, რომელსაც მოსახლეობის 60% არ მოვიდა არჩევნებში და თითოეული არმოსული ამომრჩეველი ეს არის პროტესტი მთავრობის და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, რომელსაც ეგზითპოლის მონაცემების მიხედვით პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქსი დანიშნული აქვს მეორე ტური.

მათ შორის თბილისშიც და რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, რომელიც საზეიმოდ აცხადებდა სულ რაღაც რამდენიმე დრის წინ, რომ მას აღარ ჰყავდა ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით და დღეს დაფიქსირდა, რომ თურმე ამ ქვეყანაში არსებობს ძლიერი ოპოზიციური ძალა ქვეყნის და დემოკრატიის საბედნიეროდ.

მე ვერ გეტყვით რომ ხელისუფლებას საზეიმოდ აქვს საქმე, მიმაჩნია რომ ქვეყანას საზეიმოდ საქმე არ აქვს, არც ჩვენ ვაპირებთ ზეიმს და ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ დღეებში იქნება ის, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი - ჩვენ ვართ შერიგებაზე, ერთიანობაზე, ქვეყნის დამშვიდებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ერთადერთი მიზნით, წერტილი დაუსვას დაპირისპირებას, წერტილი დაუსვას შურისძიებასა და დაპირისპირებას ამ ქვეყანაში და მთელი ჩვენი ენერგია მთელმა საქართველომ მივმართოთ ქვეყნის ასამუშავებლად და ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად.

ეს არის ის ძირითადი გაკვეთილი, რომელიც გამომდინარეობს ამ არჩევნებიდან და ძალიან სამწუხაროა რომ მთავრობა დღესაც, იმის მაგივრად რომ ეს გაკვეთილი ისწავლოს, დაკავებულია რაღაც ილუზორული ზეიმით და თვითტკბობით, თითქოს მათ მოიგეს, დაველოდოთ ცესკოს მიერ შედეგების დათვლას, რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როცა არის ძალაიან მაღალი ალბათობით ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დღევანდელ მდგომარეობასთან პროტესტის ნიშნად არ მოვიდა არჩევნებზე, მე ნამდვილად არ ვფიქრობ რომ მთავრობას საზეიმოდ აქვს საქმე” - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები